24.ნოემბერი .2019 18:20

რამდენად რეალურია სახლები იტალიაში 1 ევროდ?

views 756
უკან

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უცხოურ მედიაში გახშირდა იმ სტატიების რაოდენობა, რომლებიც ერთ-ევროიანი ან სულაც უფასი იტალიური სახლების შესახებ გვიყვებიან, შემდეგ ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზიარდება და მილიონობით ადამიანის ინტერესის ობიექტი ხდება. ამიტომაც ჩნდება უამრავი კითხვა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, იყიდა თუ არა ვინმემ, რა ხდება ყიდვის შემდეგ? პრობლემა არის თუ არა ენის ბარიერი და ღირს თუ არა ამის გაკეთება?

ამ ყველაფრის გასარკვევად და კითხვებზე პასუხების მისაღებად CNN Travel-მა იპოვა ადამიანები, რომლებმაც რეალურად შეიძინეს 1 ევროიანი სახლები იტალიაში, მათ შორის კი არის წყვილი საფრანგეთიდან, რომლებმაც იყიდეს, გაარემონტეს და გააცოცხლეს მიტოვებული შენობა. დღევანდელი მდგომარეობით, 50 კვადრატული მეტრის, ოროთახიანი სახლის რესტავრაცია დასრულებული აქვთ, რისთვისაც ფინანსური ხარჯი თავად გასწიეს, თუმცა სამუშაოების უმრავლესობა საკუთარი ხელით აქვთ გაკეთებული. თუმცა მთავარი არის ის ფაქტი, რომ წყვილი აქ საცხოვრებლად არ გადმოდის, ეს მათთვის შვებულების სახლია - აგარაკი, სადაც ზაფხულის ან საშობაო არდადეგების დროს ბავშვებთან ერთად დაისვენებენ.

წყვილმა იტალიაში ინვესტირება სწორედ დაბალი ფასის გამო გადაწყვიტა, რადგან საფრანგეთში, აგარაკის ტიპის უძრავი ქონების შეძენა ძვირი იყო, იტალიაში კი მარტივად იაფად და ხარისხიანად, მეორე სახლის მფლობელები გახდნენ. ხოლო სტუმართმოყვარე ადგილობრივები, ძველი, ვიწრო ქუჩები, სიმშვიდე და ულამაზესი პანორამული ხედები იყო ის მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც გარისკეს.
კიდევ ერთი დადებით ფაქტორი არის ის, რომ ტერიტორია ახლოს მდებარეობს სიცილიის ტურისტულად აქტიურ ადგილებთან და არ არის იზოლირებული, ანუ განთავსებულია მაღაზიები, სუპერმარკეტები, სკოლები, ბაღები და ზოგადად ყველაფერი, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო და აუცილებელია.

რაც შეეხება სახლის გადაფორმებას, როგორც ამბობენ, უძრავი ქონების სააგენტოში დასაქმებული გუნდი მაქსიმალურად არის ჩართული პროცესებში და ეხმარებიან კლიენტს, რომ დროულად და გართულებების გარეშე მოხდეს დოკუმენტაციის გადაფორმება, ხოლო თავად სახლები ისეთი დანგრეული არ არის, როგორი წარმოდგენაც აქვთ ხოლმე, პირიქით საცხოვრებლად სრულიად უსაფრთხოა და მხოლოდ გასარემონტებელი და გასალამაზებელია.

„თუმცა, თუკი ეს ინფორმაცია თქვენთვის გახდება მოტივატორი, რომ ქვეყანა სამუდამოდ დატოვოთ და ცხოვრება ნულიდან იტალიაში დაიწყოთ - არც ისე კარგი იდეაა, ხოლო თუკი აგარაკს ეძებთ და თანაც ნაჩუქარ ფასად, სადაც შვებულების პერიოდში დაისვენებთ, ამ შემთხვევაში ღირს სიცილიაში გამგზავრება და იტალიური უძრავი ქონების გათვალიერება“,- ნათქვამია სტატიაში.