მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შეამცირა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება

5f4be932bb553
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.20 21:39
1521
საქართველოს ეკონომიკა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს - ამის მიზეზია შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ფაქტობრივად ყოველ სექტორს მოიცავს. დაწყებული დამამუშავებელი მრეწველობით და დამთავრებული ტურიზმით, მოთხოვნის შემცირების გამო ქვეყანა უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ელექტროენერგიის მოხმარება ფაქტობრივად იმავე ტემპით იკლო რა ტემპითაც, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. ჯამურად 2020 წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყანამ 5.81%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს ქვეყანამ 7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 435 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. 

იმის მიუხედავად, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე გაიზარდა, რაც შემცირებულ ადგილობრივ გენერაციას უკავშირდება. თუ 2019 წელს იმპორტის მოცულობა 716 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა, 2020 წელს ის 788 მილიონ კილოვატ საათამდე გაიზარდა. 

იმპორტის ზრდა ძირითადად საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების შემცირებულმა გამომუშავებამ განაპირობა. კერძოდ კი 2020 წლის პირველ შვიდ თვეში ჰესებმა 5.3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ეს 2019 წელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 149 მილიონი კოლოვატ საათი იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 38%-ით არის შემცირებული.

სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2021 წლამდე არ დაუბრუნდება.