მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შემცირდა ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობა აგვისტოში?

5f688bc9665d2
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.20 15:36
1338
აგვისტოში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 144.4 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 46%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი, თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. თავის მხრივ, საშემოსავლო გადასახადის 126 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.

ჯამურად, 2020 წლის რვა თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 1.99 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96 მილიონი ლარით ნაკლებია. 

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან, მოგების და აქციზის გადასახადი კი აბსოლუტურ რიცხვებში გაზრდილია.

2020 წლის რვა თვეში კერძო სექტორის მიერ გადახდილმა დღგ-მ 2.44 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 275 მილიონი ლარით ნაკლებია. 

მოგების გადასახადის რვა თვის შესრულება კი, წინა წელთან შედარებით 82 მილიონით არის გაზრდილი და 683 მილიონ ლარს შეადგენს, აქციზიდან შემოსავალი კი 916 მილიონია, რაც წლიურად 17 მილიონითაა გაზრდილი.