21.ოქტომბერი .2020 13:07

რამდენად შემცირდა ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობა სექტემბერში?

views 632
უკან

სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 221.9 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 37 მილიონი ლარით ანუ 14.4%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი, თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. საშემოსავლო გადასახადის 37 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 186 მილიონ ლარამდე შემცირებას ნიშნავს. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს, შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პანდემიის შედეგად, საქართველოში 100 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი. 

ჯამურად, 2020 წლის ცხრა თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.6 მილიონი ლარით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 670 მილიონი ლარით ნაკლები ხელფასი გაიცა. საშემოსავლო გადასახადის ეს რაოდენობა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 99%-ია.

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან; მოგების და აქციზის გადასახადი კი, აბსოლუტურ რიცხვებში გაზრდილია.

2020 წლის ცხრა თვეში კერძო სექტორის მიერ გადახდილმა დღგ-მ 2.79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 294 მილიონი ლარით ნაკლებია. 

მოგების გადასახადის რვა თვის შესრულება კი, წინა წელთან შედარებით 70 მილიონით არის გაზრდილი და 744 მილიონ ლარს შეადგენს; აქციზიდან შემოსავალი 1.07 მილიარდია, რაც წლიურად 80 მილიონითაა გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა