02.აპრილი .2023 15:00

რამდენად სტაბილურია საქართველოს ეკონომიკური ზრდა? - ლექსო ალექსიშვილი

რამდენად სტაბილურია საქართველოს ეკონომიკური ზრდა? - ლექსო ალექსიშვილი
views 638
უკან

კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა, გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას, საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამომწვევ ფაქტორებსა და მისი შენარჩუნების გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველოს მიერ სტაბილურობის შენარჩუნებამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა განაპირობა. თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ეს მაჩვენებელი შეინარჩუნოს, ეს ფაქტორი საკმარისი არაა.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ საქართველომ რაიმე განსაკუთრებული გააკეთა. ჩვენ უბრალოდ სტაბილურობა შევინარჩუნეთ და უზრუნველვყავით კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი მოძრაობა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში დოვლათი შექმნილიყო. თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი არა თუ გრძელვადიან, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი შევინარჩუნოთ. რადგან დღის წესრიგში ძალიან ბევრი გამოწვევა დგას, რაც ქვეყანაში მმართველობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება“, - აცხადებს ალექსიშვილი.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისთვის გამოწვევა ცენტრალური თუ ადგილობრივი მმართველობის სისტემაში არსებული პრობლემებია. განსაკუთრებით ხაზგასასმელი კი სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევებია.

„სასამართლო სისტემის მიმართ ნდომა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან თუ ინვესტორი არ ენდობა ამ სისტემას, ბუნებრივია, მისთვის საქართველო მიმზიდველი ვერ იქნება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

რასაკვირველია, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ეფექტიანობის ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, განათლების დონის ამაღლება და ა.შ.“, - აღნიშნავს ლექსო ალექსიშვილი.

PMCG-ს გენერალური დირექტორის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისაა, რომ რაც შეიძლება ეფექტიანად შევძლოთ სატრანზიტო ფუნქციის გამოყენება.

„თავისთავად ის, რომ საქართველო სატრანზიტო სივრცეში მდებარეობს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ალტერნატიულ მარშრუტებს აუცილებლად გავუწევთ კონკურენციას. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ კორიდორში მდებარეობს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვქონდეს აზერბაიჯანთან თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა PMCG-ს გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა