მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად თავისუფალია ავტოდაზღვევის ბაზარი - კონკურენციის სააგენტოს დასკვნა

607ff02fa0d00
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.21 13:50
726
კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სააგენტოს მიერ გასული წლის განმავლობაში დასრულებულ მოკვლევებზე მათ შორის ავტოდაზღვევის ბაზრის შესახებაც არის საუბარი. სააგენტოს დასკვნის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ამ ბაზარზე შეღწევის საკმაოდ მაღალი ბარიერები არსებობს, მთლიანობაში ავტოდაზღვევის სექტორი მაინც კონკურენტულ სფეროდ შეიძლება ჩაითვალოს.

კვლევის თანახმად, 2015-2019 წლებში ეს ბაზარი ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა და თუკი 2015 წელს ავტოპარკის 7.15% იყო დაზღვეული, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10.38%-მდე გაიზარდა.

"კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოდაზღვევის იდენტიფიცირებულ ბაზარზე ფიქსირდება ბაზარზე შესვლის, ოპერირებისა და ბაზრიდან გასვლის მაღალი ბარიერები, რომლის წარმოშობის ორი მამოძრავებელი ძალა არსებობს: 1. სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის მიზნით არსებული რეგულაციები და 2. დაზღვევის ზოგადი ბუნება, კერძოდ, მოგებიანობისთვის აუცილებელი ეკონომიის მასშტაბის მიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბარიერები თანაბრად ვრცელდება ყველა არსებულ და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტზე, რაც არადისკრიმინაციულობის, თანაბარზომიერებისა და პროპორციულობის მაჩვენებელია. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ 2015–2019 წლებში ბაზარზე 4-მა ახალმა ეკონომიკურმა აგენტმა დაიწყო ოპერირება.

ავტოდაზღვევის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სააგენტომ დამატებით განახორციელა მოქმედი კომპანიების სადაზღვევო პროდუქტების ფასების ანალიზი. აღნიშნულის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეკონომიკური აგენტების ფასწარმოქმნის პოლიტიკა განსხვავებულია. ფასები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობით იცვლება და კორელაციის კოეფიციენტების გათვალისწინებით არ გამოირჩევა პარალელიზმის მაღალი ხარისხით. ამასთან, კომპანიები აქტიურად მიმართავენ არასაფასო კონკურენციის მრავალფეროვან მარკეტინგულ მეთოდებს და ყოველწლიურად აფართოებენ ბაზარზე ავტოდაზღვევის პროდუქტის მიწოდების/ ხელმისაწვდომობის გზებს, მათ შორის ონლაინ არხების მეშვეობით. ფასწარმოქმნის სტრუქტურა, ისევე როგორც მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობები - ბაზარზე მყიდველის ძალის გათვალისწინებით, აჩვენებს, რომ მომხმარებელი სენსიტიურია პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ როგორც საფასო, ასევე არასაფასო საკითხებში. ყოველივე აღნიშნული, ბაზარზე საცალო ფასწარმოქმნის მიმართულებით კონკურენტული გარემოს დადებითად შეფასების საფუძველია,” - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.

უწყების თანახმად, ავტოდაზღვევის სერვისს მომხმარებელს 16 სადაზღვევო კომპანია სთავაზობს; 2015 წელს კომპანიების რაოდენობა 13 იყო, შესაბამისად, კონკურენციის დონე გაზრდილია.