მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენადაა დატვირთული კახეთის სასტუმროები? - Cushman & Wakefield Georgia-ს ახალი კვლევა

5f21648ed1d6e
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 16:00
3473
Cushman & Wakefield Georgia-მ ზაფხულის სეზონზე კახეთის სასტუმროების ოპერირების ინდიკატორების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა კახეთის რეგიონში არსებული როგორც ბრენდული, ასევე არაბრენდული სასტუმროები.

საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით, კვლევა ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში ჩატარდა და მასში მონაწილეობის მაჩვენებელმა 85% შეადგინა.

კვლევის თანახმად, კახეთში სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 45%-ია, თუმცა ეს ზაფხულის სეზონისთვის დაბალი მაჩვენებელია.

„გამოწვევების მიუხედავად, კახეთის სასტუმროები და რეზორტები ადგილობრივი ვიზიტორებისათვის ერთ-ერთი პოპულარული და მიმზიდველი ლოკაცია აღმოჩნდა. კვლევაში მონაწილე რესპოდენტებისგან მიღებული ინფორმაციით, ივნისში სასტუმროების დატვირთულობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა განთავსების საშუალებაში დატვირთულობა 25%-დან 80%-მდე მერყეობს, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში 45% იყო.

მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, 2020 წლის ინდიკატორები მაღალ სეზონზე უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2019 წლის იმავე პერიოდში. გასულ წელს სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ კახეთის რეგიონში მაღალ სეზონზე 65%-ს მიაღწია, ხოლო დაბალ სეზონზე მხოლოდ 28% იყო”, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კახეთში ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.8% გაიზარდა (83 325 ვიზიტორი), სადაც ადგილობრივი ვიზიტორების წილი სრული ტურისტების 84%-ს შეადგენდა, ხოლო უცხოელებისა მხოლოდ 16%-ს.

კვლევაში მონაწილე გამოკითხული სასტუმროების წარმომადგენელების თქმით, მიმდინარე სეზონზე სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს რეზიდენტები, ან პანდემიის პერიოდში საზღვრების ჩაკეტვის გამო ქვეყანაში დარჩენილი უცხოელები არიან.

რაც შეეხება გასულ წელს, ქართველებისა და უცხოელი სტუმრების რაოდენობა თანაბრად გადანაწილდა გამოკითხულ განთავსების საშუალებებში. მათივე თქმით, სტუმრები როგორც საქართველოდან, ასევე სამხრეთ და ჩრთილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და ოკეანეთის ისეთი ქვეყნებიდან ჰყავდათ, როგორიცაა კორეა, ფილიპინები და ავსტრალია.

Cushman & Wakefield Georgia-ში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის პოზიტიური დინამიკით დაწყების მიუხედავად, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პერიოდში რეგიონში არსებულმა ყველა განთავსების საშუალებამ სტუმრების მიღება დროებით შეაჩერა. მარტის დასაწყისიდან, დაიწყო ჯავშნების მასიური გაუქმება. კვლევის პერიოდში სასტუმროების მცირედი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო ღია სტუმრების მისაღებად. დღეისათვის კი, საქართველოში არსებული სტაბილური ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით, არსებული განთავსების საშუალებების ის დიდი ნაწილი, რომელმაც შეძლო შესაბამისი სტანდარტებით შემოწმების გავლა, გახსნილია და უკვე აქტიურად აგრძელებს ოპერირებას.