მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანია დასაქმებული მთავრობის PR-სამსახურში? - TI-ს კითხვები აქვს

5da04ea9458b7
BM.GE
11.10.19 13:33
1950
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” საქართველოს ხელისუფლებაში პიარსამსახურებში დასაქმებულებისა და მათი ხელფასების შესახებ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაზრდილია როგორც პიარსამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურება.

ორგანიზაციამ წინა კვლევა 133 უწყებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, ახალი კვლევა კი 194 უწყებას აერთიანებს.”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მონაცემები 216 უწყებიდან გამოითხოვა, თუმცა, ნაწილმა პასუხი არასრულად, ნაწილმა კი საერთოდ არ მიაწოდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოიცავდა მონაცემებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლიდერობდა საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათთვის გადახდილი ანაზღაურების მხრივ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაშინ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს გზით მოიპოვეს.

“სამწუხაროდ, მიმდინარე კვლევა მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათგან სრული ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში (ვითხოვდით 2017 და 2018 წლების მონაცემებს) 2017 წელთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, ვიდრე ეს იყო წინა წელს. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოთხოვილი წერილის მიხედვით, 2017 წელს საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში თანამშრომელთა რაოდენობა 67 იყო, ხოლო 2019 წელს მოწოდებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმავე, 2017 წელს, 42-ით ნაკლები, 25 ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული. არ ემთხვევა ანაზღაურების შესახებ მოწოდებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2017 წლის წერილის მიხედვით, მათ ანაზღაურებაში 2 724 525 ლარი დაიხარჯა, ახალ წერილში კი ნათქვამია, რომ იმავე პერიოდში სახელფასო ანაზღაურებისთვის 84 886 ლარია გაცემული - სხვაობა 2 639 639 ლარია”,- ნათქვამია კვლევაში.







“აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას ვკითხეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ უწყებამ 2018 წლის წერილში ინფორმაცია „მთლიანი დანაყოფის“ შესახებ, ხოლო 2019 წლის 20 თებერვლის წერილში, მხოლოდ იმ მოსამსახურეების შესახებ მოგვაწოდა, რომელთაც კონკრეტულად მედიასთან აქვთ ურთიერთობა და „სწორედ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაფიქსირდა წარმოდგენილ მონაცემებს შორის სხვაობა“.
ეს განმარტება ჩვენთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემდეგი მიზეზების გამო:

მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ორივე წერილში ინფორმაციას ვითხოვდით ერთი ფორმულირებით;
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდიოდა, რომ საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საშუალოდ თვეში 283-ლარიანი ხელფასი ჰქონიათ, რამაც გააჩინა დამატებითი კითხვები მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, მთავრობის ადმინისტრაციაში ანაზღაურების შესახებ მათ მიერ მოწოდებული საეჭვო მონაცემის გადამოწმებაც ვცადეთ, რა დროსაც სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ შეეშალათ და 1 თვის მონაცემები გამოგვიგზავნეს. ჩვენ სწორი მონაცემების თავიდან გამოგზავნა წერილობით მოვითხოვეთ, თუმცა მიუხედავად საჯარო ინფორმაციის მოწოდების კანონით დადგენილი ვადის გასვლისა, პასუხი არ მიგვიღია”,- წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა.