მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დავა წააგო საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟებში?

61c5e687564f2
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.21 19:44
761
BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებული ყველა საარბიტრაჟო დავის შესახებ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, მათ შორის დავაში მოსარჩელე მხარის ვინაობა, დავის შედეგი წააგო/მოიგო თუ მორიგებით დასრულდა დავა (თუკი დასრულებულია დავა). ასევე ის, თუ რა ფინანსური შედეგი დადგა თითოეულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის და რა დაუჯდა სამინისტროს დავებში იურისტების დაქირავება.

იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10-დღიან ვადას გადააჭარბა და სექტემბრის ბოლოს გაგზავნილ კითხვებზე პასუხი და ისიც არასრული სახით 21 დეკემბერს გამოაგზავნა. ამ პასუხიდან ირკვევა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში საქართველომ ორი საარბიტრაჟო დავა წააგო, თუმცა არ არის მითითებული, თუ რომელი დავებია წაგებული და რა მოცულობის ფინანსური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა მათ შედეგად საქართველოს მთავრობას.

ასევე საინტერესოა, რომ “მიმდინარე დავის” სტატუსი აქვს მიწერილი რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან არსებულ დავას, თუმცა 2021 წლის 23 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა.

იუსტიციის სამინისტრომ დავის წაგების შესახებ ინფორმაცია 1 დეკემბერს დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი გაუქმებისთვის სტოკჰოლმის სასამართლოში იდავებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში შედარებით მეტი ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ 6 დავის შემთხვევაში დანარჩენ დავებზე კი სამინისტრო უთითებს, რომ ეს ინფორმაცია “კონფიდენციალურია” და მათ მოსარჩელე მხარეებს ვერ დაასახელებს. ანუ უწყება აცხადებს რომ დავა არსებობს, თუმცა, ვისთან ეს უცნობია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ზოგიერთი დავა, რომელზეც სამინისტრო აცხადებს, რომ “კონფიდენციალურია” და უწყება ვერ დაასახელებს მოსარჩელე მხარის ვინაობას, სინამდვილეში თავად საარბიტრაჟო ტრიბუნალის ვებგვერდზე პირდაპირ არის გამოქვეყნებული. მაგალითად, ასეთია დავა რომელიც 2012 წლის ზაფხულში მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. ეს დავა არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდგომ შეწყდა და მისი მიმდინარეობის შესახებ ICSID-ის ვებგვერდზე საჯაროდ არის გამოქვეყნებული. თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ ეს დავა არ შეიყვანა “საჯარო” დავების სიაში.

6 საჯარო დავის გარდა, სადაც მომჩივანი მხარეების სახელებია მითითებული, იუსტიციის სამინისტროს პასუხი მოიცავს 18 სხვა დავასაც, რომლებიც 2005-2021 წლებში დაიწყო. მთლიანობაში აღნიშნული დავებიდან 10 დავა მიმდინარეა, 2 დავა დასრულდა ქართული მხარის საწინააღმდეგოდ, 4 დავა დასრულდა მორიგებით, 3 დავაში მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო, 3 დავაზე კი მოსარჩელეებმა დავის პროცესი მიატოვეს.

ყველაზე მეტი - 5 დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2020 წელს დაიწყო. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული ორი დავა და ასევე დავა კავკასუს ონლაინის ინვესტორს Neqsol ჯგუფის დამფუძნებელ ნასიბ ჰასანოვსა და საქართველოს შორის.

ყველაზე მეტი - 10 სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) იყო შეტანილი. ხუთი დავა შეტანილი იყო მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), ორი დავა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში (SCC), 4 დავა მიმდინარეობს/ მიმდინარეობდა გაერო-ს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) წესების შესაბამისად.

ამ დავებში იუსტიციის სამინისტრომ იურისტების დაქირავებაზე 161 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. უკანასკნელ წლებში ყველაზე მეტად, საქართველოს ამ დავებში Dechert (Paris) LLP და White & Case LLP წარმოადგენდნენ. გუშინ, იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა შეტყობინება, რომ 2022 წელს საარბიტრაჟო და საერთაშორისო დავებში იურისტების დაქირავებაზე 40 მილიონ ლარს დახარჯავს. იურიდიულ მომსახურებას სახელმწიფო გამარტივებული წესით ყიდულობს.

მიმდინარე დავებს მალე შესაძლოა კიდევ ერთი დავაც შეემატოს, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი “ნამახვანჰესის” ინვესტორი ENKA საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვას გადაწყვეტს.