მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დღე რჩებიან და რამდენს ხარჯავენ ვიზიტორები საქართველოში

5dc27d6ff30df
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.19 12:44
2526
ტურიზმის სტატისტიკაში უფრო მეტად ყურადღება ვიზიტორთა რაოდენობას ექცევა, თუმცა ვიზიტორების რაოდენობასთან ერთად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის ამ ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული დროის ხანგრძლივობა და მათ მიერ გაწეული ხარჯებია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული ვიზიტორები ქვეყანაში საშუალოდ 3.9 დღე დარჩნენ, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2 დღით (4.8 საათით) მეტია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში ტურისტული სეზონის პიკზე - მესამე კვარტლის (ივნისი, ივლისი, აგვისტოს) პერიოდში რჩება. 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ვიზიტორები საშუალოდ 4.9 დღით დარჩნენ, 2017 წელს კი, ეს მაჩვენებელი 5.2 დღეს შეადგენდა. საქსტატს, ჯერჯერობით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად, უცნობია თუ რა გავლენა მოახდინა რუსულმა ავიასანქციებმა ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული დროის სტატისტიკაზე. 

კიდევ ერთი პარამეტრი, რასაც საქსტატი აღრიცხავს, საშუალო ვიზიტის ფულადი დანახარჯია. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, 2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორებმა საშუალო ვიზიტზე 1,261 ლარი დახარჯეს, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. აქამდე ყველაზე მაღალი ფულადი დანახარჯები ყოველთვის წლის მესამე კვარტალში აღინიშნებოდა. მეორე კვარტალში დანახარჯების ასეთი ზრდა, სავარაუდოდ, აღნიშნულ მონაკვეთში ტურიზმის გაზრდილ შემოსავლებზე მეტყველებს. 



მთლიანობაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ვიზიტორები საშუალოდ უფრო მეტ ხანს რჩებიან და უფრო მეტ თანხას ხარჯავენ.