მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ლარი ეღირება საწვავი დღგ-ს და აქციზის გადასახადის გარეშე

61fd171d4fd7c
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.22 16:26
4432
საქართველოში საწვავის ფასი, რომელიც იანვრის დასაწყისში მცირედით შემცირდა, კიდევ გაიზრდება. დღეს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, რომ ფასი სავარაუდოდ კიდევ 20-25 თეთრით გაიზრდება. ამის მიზეზია გლობალურად გაზრდილი ფასები, რადგანაც 2014 წლის შემდეგ პირველად ბარელი ნავთობის ფასმა 90 დოლარს გადააჭარბა, ხოლო უშუალოდ ბენზინის საფასურმა (Platts) ტონაზე 802 დოლარს გადააჭარბა.

ამ ფონზე კვლავ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს ფასების შემცირება შეუძლია თუკი ის საწვავის აქციზის გადასახადს გადახედავს. სწორედ ეს ნაბიჯი გადადგა პოლონეთმა, რომელმაც თებერვლიდან საწვავის დღგ-ს საფასური 23%-დან 8%-მდე შეამცირა.

საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.12 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 48 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 86 თეთრია და მის გარეშე ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 2.27 ლარი ეღირებოდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ნავთობპროდუქტების დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს ავტომფლობელებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1,160,000,000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო.

თუკი რეგულარის მარკის ბენზინის ფასს (3.13 ლარს) კომპონენტების მიხედვით ჩავშლით, ასეთ განაწილებას მივიღებთ:

● ლიტრი საწვავის თვითღირებულება (Platts)-ის საფასური - 1.83 ლარი;
● დამატებული ღირებულების გადასახადი - 48 თეთრი;
● აქციზის გადასახადი - 38 თეთრი;
● კომპანიის ტრანსპორტირების საფასური; საწვავის შენახვის ღირებულება; თანამშრომელთა ხელფასები; მარკეტინგი; საბანკო სესხების მომსახურება; ინვესტიციები; სხვა გადასახადები; წმინდა მოგების მარჟა - 44 თეთრი.