მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ლარი უჯდება მთავრობას მოქალაქის ერთი დღით კარანტინში გაჩერება?

5fd0e2f25a249
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 18:42
1179
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის კარანტინის სივრცეებით უზრუნველყოფისთვის 84.9 მილიონი ლარი დახარჯა, აქედან ძირითადი ხარჯი - 73 მილიონი ლარი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასწია.

IDFI-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პანდემიის დაწყებიდან 4 მაისამდე არ არსებობდა ერთიანი კრიტერიუმები თუ რა ფასად ყიდულობდა სახელმწიფო სასტუმროებისგან კარანტინის სერვისს. 4 მაისის დადგენილებით კი განისაზღვრა, რომ ერთი საკარანტინე ოთახის ღირებულება დღე-ღამეში 100 ლარს შეადგენს.

IDFI-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციას ამ დადგენილების მიღებამდე სასტუმრო წყალტუბო რეზორტში 118 ნომრის 31 დღით დაქირავება 1.3 მილიონი ლარი დაუჯდა, დადგენილების მიღების შემდეგ კი იგივე სერვისის ღირებულება 214 ათასი ლარი გახდა, შესაბამისად ერთიანი ფასდადების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა 1.1 მილიონი ლარის ეკონომია მიიღო.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებში ტრანსპორტირებას, ამ მომსახურებაში მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციამ აპრილიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 2.9 მილიონ ლარაზე მეტი ღირებულების შესყიდვები განახორციელა. აქედან 10 ხელშეკრულება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამარტივებული წესით გააფორმა, ჯამური 2.5 მლნ ლარის ღირებულებით. ათიდან ცხრა ხელშეკრულება შპს “ჯორჯიან ბასთან”, ხოლო ერთი შპს “ომნესტურთან” გაფორმდა.

საქართველოს მთავრობამ უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების სავალდებულო კარანტინის სივრცეში გადაყვანის პოლიტიკა მხოლოდ 2020 წლის 2 დეკემბერს შეცვალა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება.