მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 2021 წლის 6 თვეში

60f7d149195d1
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.21 11:48
1812
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ წელს სულ 5 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2020 წლის საგადასახადო შესრულებასთან მიმართებით 414 მილიონი ლარით ანუ 9%-ით მეტია.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ყველა გადასახადის შესრულებაში მატება არაა. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით 2021 წლის პირველ ნახევარში მთავრობამ 1.56 მილიარდი ლარი აკრიფა, რაც 2020 წელთან შედარებით 64.7 მილიონით ნაკლებია. სავარაუდოდ ეს შემცირება განპირობებულია იმით, რომ მაისის ჩათვლით ქვეყანაში 750 და 1500-ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი მოქმედებდა.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის იანვარ-ივნისში დღგ-ის სახით 2.17 მილიარდი ლარი აკრიფეს, რაც 2020 წელთან შედარებით 27.5%-ით მეტია. დღგ-ის შემოსავლის ასეთი მატება ქვეყანაში ეკონომიკური ბრუნვის გააქტიურებაზე მეტყველებს. კერძოდ, აპრილში ეკონომიკური ზრდა 44.8% იყო, მაისში კი მან 25.8% შეადგინა. ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს საქსტატი მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

აქციზის გადასახადის სახით, 2021 წლის 6 თვეში მობილიზებულია 754 მილიონი ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 31%-ით, ანუ 179 მილიონი ლარით მეტია.

მოგების გადასახადის სახით კი 556 მილიონი ლარი არის მობილიზებული, რაც 2020 წელთან შედარებით 1.4%-ით ნაკლებია.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად ბიუჯეტის კორექტირების პროექტს განიხილავს. მისი მიხედვით, წელს საგადასახადო გეგმა 720 მილიონი ლარით იზრდება და ის 11.06 მილიარდ ლარს მიაღწევს.