21.ივლისი .2021 19:02

რამდენი მილიონი ლარია საკვების მიტანის აპლიკაციების ბაზრის ზომა საქართველოში

რამდენი მილიონი ლარია საკვების მიტანის აპლიკაციების ბაზრის ზომა საქართველოში
views 2419
უკან

საქართველოში საკვების მიტანის ბაზარზე ორი კომპანია დომინირებს. ესენია: Glovo და Wolt-ი. ორივე კომპანია საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. საქართველოში კი საკვების მიტანის სერვისი 5 უმსხვილეს ქალაქშია ხელმისაწვდომი. მათ გარდა, ბაზარზე სხვა მოთამაშეები - Bolt Food-ი და Elvis-იც არიან წარმოდგენილი.

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა ელექტრონული კომერციისა და საკვების მიტანის სერვისის ბაზრის მიმოხილვა. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ამ ბაზარზე ბუმი იყო, რის შედეგადაც კომპანიების ბრუნვა გასამმაგდა და მან ჯამში, 167 მილიონ ლარს მიაღწია. მიმოხილვის თანახმად, სექტორის შემოსავლის 95% სწორედ Wolt-სა და Glovo-ზე ნაწილდება.

სექტორის ძირითადი მაჩვენებლები ასეთია:

● გამოძახებების რაოდენობა - 5.3 მილიონი გამოძახება, რაც 2019 წელთან შედარებით 146%-ით მეტია;
● ბაზრის ზომა - 167 მილიონი ლარი, რაც 2019 წელთან შედარებით სამჯერ მეტია;
● შეკვეთის საშუალო ზომა - 31.5 ლარი, 2019 წელს შეკვეთის საშუალო ზომა 26.2 ლარი იყო;
● ერთი მომხმარებელის მიერ გაკეთებული შეკვეთები წლის განმავლობაში - 6 შეკვეთა (აპლიკაციების გადმომწერთა უდიდესი ნაწილი მას იშვიათად იძახებს).

“ჩვენი გათვლებით, ერთი მომხმარებელი წლიურად საშუალოდ 6 შეკვეთას ახორციელებს. ბევრი მომხმარებელი საკვების მიტანის სერვისით იშვიათად სარგებლობს (წელიწადში ერთხელ ან ორჯერ), რაც ამცირებს საშუალო ინდიკატორს. ამასთან, პასიური მომხმარებლის გააქტიურება შესაძლებელია სხვადასხვა აქციის საშუალებით, რაც პოზიტიურად აისახება შემოსავლებზე.

ჩვენი შეფასებით, სურსათის და პირადი ჰიგიენის პროდუქტების წილი საკვების მიტანის სექტორის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. საკვების მიტანის სერვისის აქტიური მომხმარებელი წარმოადგენს ონლაინმყიდველთა პოტენციურ ჯგუფს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელებისთვის. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სუპერმარკეტების ქსელებს აქვთ მიწოდების საკუთარი სერვისი და შესაძლოა ამ პრაქტიკაზე ქართული კომპანიებიც გადავიდნენ. ამის განხორციელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობაზე. ამასთან, ონლაინმყიდველების მოსაზიდად და გაყიდვების არხების გასაფართოებლად საჭირო იქნება შესაფერისი ვებ და მობილური პლატფორმების შექმნა, წამახალისებელი პროგრამებისა და სხვადასხვა შეთავაზებების შემუშავება", - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა