მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “ენერგო პროს”?

5f6f56d692808
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.20 18:30
2252
სს "ენერგო პრო ჯორჯია" საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც 1.2 მილიონზე მეტ აბონენტს და მოსახლეობის 67%-ს აწვდის ელექტროენერგიას. "ენერგო პრო" კომერციული სექტორისთვისაც უმსხვილესი ელექტრომიმწოდებელია. 

“ენერგო პრო ჯორჯიამ” 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რაც ჯგუფის ჯამურ შემოსავალს ასახავს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 2019 წელი 5.8 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, 2018 წელს კომპანია 39-მილიონიან წმინდა მოგებაზე იყო.

EY-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, “ენერგო პრომ” 2019 წელს 707.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 123 მილიონი ლარით ნაკლები იყო. კლების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის რეალიზაციის მიმართულებით არსებული შემცირება გახდა. შემცირება ძირითადად კომერციული აბონენტებიდან მიღებული შემოსავლის 100-მილიონიან კლებას უკავშირდებოდა.

ცალკეული წყაროების მიხედვით, “ენერგო პროს” შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 227.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.1%;
● არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 431.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22.7%;
● გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაცია - 16 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6%;
● ელექტროენერგიის გატარება - 10.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 110%.

“ენერგო პროსთვის” ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო რამაც 2019 წელს 369.4 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიისთვის გადაცემის ხარჯები 97.7 მილიონი ლარი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელმა სარეზერვო სიმძლავრის გადასახადმა 76.5 მილიონი ლარი, დისპეჩერიზაციის ხარჯმა კი 20.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული თბოსადგურისთვის საწვავის სახით 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა.

კომპანიაში დასაქმებული 5.7 ათასი თანამშრომლის სახელფასო ხარჯი კი 74.5 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის 100%-იანი წილი ჩეხურ კომპანია ენერგო-პრო ეი.ეს-ს ეკუთვნის. კომპანიის აქტივების მოცულობა კი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 729.4 მილიონი ლარი იყო. 

"ჩეხურ ენერგოპრო ეი.ეს.-ს სრულად ფლობს „დკ ჰოლდინგ ინვესტმენტს ს.რ.ო.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია ბატონი იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “ენერგო პრო” ასევე ფლობს თბოელექტროსადგურს, 110 მეგავატის დადგმული სიმძლავრით, რომელიც ამჟამად გამოიყენება ქსელის დამატებითი მომსახურებისთვის. ეს ელექტროსადგური გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის სეზონის პიკური დატვირთვების დროს, როდესაც ბაზარზე სიმძლავრის დეფიციტია.