მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "ისთ ფოინთს"?

5e2177ba8ed52
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.20 15:16
4068
“ისთ ფოინთი” თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია. 2015 წელს გახსნილი კომპლექსი 21 ჰექტარზე არის გაშლილი და მისი მთლიანი ტერიტორია 107,000 კვადრატული მეტრს შეადგენს, საიდანაც 72,000 კვადრატული მეტრი საიჯარო ფართს წარმოადგენს.

“ისთ ფოინთი” კომპანია “CBD დეველოპმენტს” ეკუთვნის, რომლის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სავაჭრო ცენტრის აქტივების მთლიანი ღირებულება 141.4 მილიონ ლარს შეადგენს. 2018 წელს სავაჭრო ცენტრის მთლიანი საიჯარო შემოსავალი 25.8 მილიონი ლარი, მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი კი 8.5 მილიონი ლარი იყო, სხვა საოპერაციო შემოსავალი კი 4.2 მილიონი ლარი იყო. 

ჯამურად "ისთ ფოინთის" მთლიანი შემოსავალი 2018 წელს 39 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული თანხის მიუხედავად, CBD დეველოპმენტმა 2018 წელს მოგების ნაცვლად 18.3 მილიონი ლარის ზარალი აჩვენა. 

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯები საპროცენტო ხარჯებს უკავშირდება. კომპანიას აქვს 281.3 მილიონი ლარის მოცულობის გრძელვადიანი სესხი. 2018 წლის განმავლობაში “CBD დეველოპმენტმა” ამ ვალდებულების მომსახურებისთვის 27.9 მილიონი ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება კომპანიის სხვა ხარჯებს - დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 2018 წელს 7.3 მილიონი ლარი, კომუნალური ტარიფების ხარჯები 3.4 მილიონი ლარი, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 3.2 მილიონი ლარი იყო.

“ვიზიტორების რაოდენობა დღეში 15,000-ია კვირის დღეებში და 25,000 შაბათ-კვირას. უმეტესად ღია სტრუქტურის გამო, თბილი თვეები უფრო აქტიურია (აპრილიდან-ოქტომბრამდე),”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში.

დოკუმენტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს.

“სავაჭრო ცენტრის კონკურენტული უპირატესობებია კახეთი/აეროპორტის გზატკეცილის კარგი ხელმისაწვდომობა, მთავარი ფასადის 300 მეტრზე მეტის შესანიშნავი ხილვადობა, ქალაქის ცენტრიდან-თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალი ავტომობილით და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 წუთის სავალი. ისთ ფოინთს თბილისში ყველაზე დიდი საოჯახო და გასართობი ცენტრი და ასევე ყველაზე დიდი ბოულინგის კლუბი აქვს. ასევე თბილისში ყველაზე დიდი კინოკომპლექსი, პირველი და ერთადერთი IMAX დარბაზით ქვეყანაში.

რაც შეეხება საყიდლებს, „ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“, „სტრადივარიუსი“ და „ბერშკა“ ქვეყანაში ყველაზე დიდებია,”- ნათქვამია CBD დეველოპმენტის მმართველობით ანგარიშგებაში.

ვის ეკუთვნის “ისთ ფოინთი”?

“2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანის უშუალო მშობელი კომპანია იყო EP Georgia Holdings Limited (კვიპროსი), საბოლოო მაკონტროლებელი მხარე Quadrum Investment Management Limited (კაიმანის კუნძულები), რომელიც, თავის მხრივ, ინვესტორების სასარგებლოდ მართავს კომპანიას და საბოლოო 100%-ის მფლობელი ბატონი ოლეგ პავლოვია,”- ნათქვამია PWC-ის მიერ, “CBD დეველოპმენტისთვის” მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში.

კომპანიაში 355 ადამიანია დასაქმებული.