მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “ორ ნაბიჯს”?

63775a660f080
BM.GE
18.11.22 15:19
10944
“ორი ნაბიჯის” სუპერმარკეტების ქსელი გაყიდვების მოცულობით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. 2021 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 44%-ით იმატა და მან 593 მილიონ ლარს მიაღწია.

სუპერმარკეტების ქსელი საქართველოს მასშტაბით 329-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

ფინანსური შედეგების თანახმად, კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 485 მილიონი ლარი იყო. ამას გარდა, კომპანიამ დასაქმებულ 3.2 ათასზე მეტ თანამშრომელზე (ადმინისტრაცია და პერსონალი) 32 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ხოლო ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 23.6 მილიონი ლარი იყო. ამასთან კომპანიამ იჯარაზე 22.5 მილიონ ლარამდე თანხა გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად, “ორი ნაბიჯის” შემოსავლები გაყიდული პროდუქციიდან ასეთია:

• საკვების გაყიდვები - 412 მილიონი ლარი, თვითღირებულება (336 მლნ);
• სასმელის გაყიდვები - 80.7 მილიონი ლარი, თვითღირებულება (75.2 მლნ);
• არასაკვები პროდუქციის გაყიდვები - 89 მილიონი ლარი, თვითღირებულება (74 მლნ)
• გაყიდვების ჯამი - 485 მილიონი ლარი, თვითღირებულება (328 მლნ).

კომპანიის დაარსების დღიდან „ორი ნაბიჯის“ ძირითად საქმიანობას საცალო ვაჭრობის ქსელის განვითარება და მართვა წარმოადგენს. კომპანიის სტრატეგია არის მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების და ახალი ხილის მისაღებ ფასად შეთავაზება მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს. აღნიშნული სიახლოვე და შეთავაზებული ასორტიმენტი მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. კომპანია გეგმავს დამატებით ახალი ფილიალების გახსნას და მომხმარებლებისთვის გაფართოებული ასორტიმენტის შეთავაზებას.

2022 წელს კომპანიამ დანერგა ელექტრონული კომერციის ბიზნეს პორტალი, რომლის საშუალებითაც თბილისის მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს სასურველ ადგილას საქონლის მიწოდების სერვისს,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 211 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის ვალდებულებები კი 216 მილიონი ლარია. 

"2021 და 2020 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის წილის მფლობელები არიან: გოჩა ცქიტიშვილი - 33.34%, გიორგი ჩხეიძე (წილის მმართველი - ლელა ჩიკვილაძე) – 33.33%, კახი ბექაური - 33.33%."