მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "კარფურს"?

5fa7db0a675bd
BM.GE
08.11.20 15:08
6234
ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” საქართველოს ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 2019 წლის აუდიტირული ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვები 20 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 473.7 მილიონ ლარს მიაღწია. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს მათ 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავდათ.

საქართველოში "კარფურის" ბრენდის სახელით, კომპანია “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ოპერირებს. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “კარფურისთვის” 2019 წელი ერთის მხრივ გაზრდილი შემოსავლით ხასიათდებოდა, თუმცა გაზრდილი ხარჯების გამო, გასული წელი კომპანიამ 32.5 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო კარფურისთვის 2018 წელიც, რამაც 27 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიისთვის მთავარ ხარჯს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წარმოადგენს, რაზეც 2019 წელს 381.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

“კარფურის” საოპერაციო ხარჯები 2017 წელს 87.8 მილიონი ლარი იყო - აქედან, პერსონალის შენახვა 33.6 მილიონი ლარი დაჯდა, მაღაზიების საიჯარო გადასახადებმა 7.4 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივების ცვეთისა და გაუფასურებით მიყენებული ზარალი 13 მილიონ ლარს აღემატებოდა, ტექნიკური მომსახურების ცენტრის ხარჯი 6.6 მილიონი ლარი იყო, კომუნალური ხარჯები - 4.8 მილიონი, სარეკლამო ხარჯები კი - 2.5 მილიონი

შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” 2011 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. “მაჯიდ ალ ფუტიამი” არის შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს. კომპანიის დაფინანსებისა და საკრედიტო დამოკიდებულების უმეტესობა შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის მართვის ქვეშ მყოფი ჯგუფიდან მოდის.

2019 წლის ბოლოსთვის კომპანია წარმოდგენილი იყო 19 ობიექტით:

• თბილისი - 2 ჰიპერმარკეტი;
• თბილისი- 9 სუპერმარკეტი:
• თბილისი- 5 პატარა სუპერმარკეტი;
• ბათუმი- 2 სუპერმარკეტი.
• რუსთავი - 1 პატარა სუპერმარკეტი.

"კომპანია არის ზარალიანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძირითადად განპირობებულია მშობელი კომპანიისგან აღებული, აშშ დოლარში დენომინირებული სესხებიდან გამომდინარე ფინანსური ხარჯებით, სხვაგვარად კომპანიას აქვს ჯანსაღი ფულადი ნაკადები, რასაც ამტკიცებს 2019 წლის განმავლობაში მშობელი კომპანიის სესხის ნაწილობრივი დაფარვა 37,400 ათასი ლარის ოდენობით და EBRDის სესხის სრული დაფარვა 7,800 ათასი ლარის ოდენობით,"- ნათქვამია "კარფურის" აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

"კარფური" 2.3 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.