მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "კოკა-კოლას" საქართველოში

5f3cf848269d0
შოთა ტყეშელაშვილი
19.08.20 14:00
13412
საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 14.5%-ით გაიზარდა და მან 171.9 მილიონი ლარი შეადგინა. 

კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წმინდა მოგებამ 2019 წელს 10.9 მილიონი ლარი შეადგინა, ეს 2018 წელს არსებულ მოგებასთან შედარებით 38%-ით ნაკლებია.

"კოკა-კოლას" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ანუ საქართველოში "პეპსიკოს" ბრენდის სასმელების მწარმოებელს, სს "იბერია რეფრეშმენტს" 2019 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია როგორი თანაფარდობაა "კოკა-კოლასა" და "პეპსიკოს" ბრენდების სასმელების გაყიდვებს შორის საქართველოში. 

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ:

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს - კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება.

The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია აწარმოებს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში. კომპანიის ძირითადი ბრენდებია -  Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn და Fuse Tea.

ამასთან,"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას"  აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში. 

2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას გერმანიის საინვესტიციო კორპორაცისთან (DEG), რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. 

მმართველობით ანგარიშში, კომპანია აღნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობდა "კოკა-კოლასთვისაც" გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც კურსის არასტაბილურობამ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების საპროცენტო ხარჯის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 

"მიუხედავად 2019 წელს უცხოური საფინანსო ინსტიტუტიდან მოძიებული საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა, კურსის არასტაბიმურობამ გამოიწვია საპროცენტო ხარჯის მნიშნველოვანი ზრდა ლარში. მომავალ წლებში კომპანია ვარაუდობს ვალუტაში საპროცენტო განაკვეთის კიდევ დაწევას, რაც გაანეიტრალებს ვალუტის კურსის ცვლილების ნეგატიურ ეფექტს. გარდა ამისა, გეგმავს ქართული ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გალარებას,"- ნათქვამია მმართველობით ანგარიშში. 

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აქტივების ჯამური ღირებულება 261.1 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა.