21.აგვისტო .2020 18:10

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "ნიკორას"

views 6618
უკან

სს "ნიკორა" საქართველოს სუპერმარკეტების ბაზრისა და ხორცპროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასული წლის განმვალობაში "ნიკორას" ჯგუფში შემავალი კომპანიების ჯამური გაყიდვები 122.7 მილიონი ლარით (29.4%-ით) გაიზარდა და 540.5 მილიონ ლარს მიაღწია. 

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემოსავლების ზრდის მიუხედავად, უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა ხარჯები, რის გამოც კომპანიამ 8.3 მლნ ლარის ზარალი განიცადა. 2018 წელს სს "ნიკორას" მოგება 6.7 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ძირითად ხარჯებს მარაგების შესყიდვა, საიჯარო და სახელფასო ხარჯები წარმოადგენს. 

ჰოლდინგი აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას, ეს არის "ნიკორა ტრეიდი", რომელიც ქვეყნის მასშტაბით 288 ობიექტს მართავდა, მათგან 263 სუპერმარკეტი და 25 ჯიხური იყო. ამ ობიექტების ნაწილი უშუალოდ ნიკორას ბრენდით საქმიანობს ნაწილი კი "ლიბრესა" და "ნუგეშის" ბრენდით ოპერირებს. ხორცპროდუქტების მიმართულებით კი კომპანიის ძირითად შვილობილ კომპანიას შპს "ნიკორა" წარმოადგენს.

"ხორცპროდუქტების და მათი ნახევარფაბრიკატების წარმოებაში ჩართული არიან შპს ნიკორა და შპს კორიდა, რომელთა პროდუქცია, აღნიშნული კომპანიების მრავალწლიანი სპეციალიზაციის შედეგად, სულ უფრო და უფრო მზარდი მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე. ჰოლდინგში შემავალი კვების პროდუქტების სხვა მწარმოებელი კომპანიებია შპს ოკეანე, ჩვენი ფერმერი, მზარეული1, კულინარი, ვაკიჯვრის კალმახი, ნაფარეულის ძველი მარანი,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

სუპერმარტეკების და ჯიხურების მიმართულება:

"2015 წლის აგვისტოში, „ნიკორა ტრეიდი“- ს მიერ „ნუგეშის“ ქსელის შეძენის შემდეგ, „კომპანია“ ქვეყნის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი გახდა და ამჟამად 5,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ორგანიზებული საცალო ქსელის ბაზრის 19% უკავია,"- ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2019 წელს კომპანიის სავაჭრო ობიექტების ჯამური ფართობი 47,419 კვადრატული მეტრი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტი იყო. ამასთან, ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვების საშუალო წლიურმა მოცულობამ 10,413 ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5.7%-ით ნაკლები იყო. 

კომპანიის ჯამური აქტივები 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 367.5 მილიონი ლარი იყო.

ობლიგაციები

2019 წლის 18 ოქტომბერს ქართულმა საბროკერო კომპანიამ, შპს „თიბისი კაპიტალმა“, როგორც საბროკერო აგენტმა, სს ნიკორასთვის გამოუშვა 28 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. ობლიგაციებს ერიცხება წლიური 4%+3 თვის TIBR (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 11.16%) და ვადიანობა შეადგენს 3 წელს. სარგებლის გადახდა წარმოებს კვარტალურად. 2018 წლის 6 აგვისტოს, საბროკერო კომპანია შპს „თიბისი კაპიტალმა“, როგორც საბროკერო აგენტმა გამოუშვა სს ნიკორა ტრეიდისთვის 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები: წლიური სარგებელი 4%+ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთ, კვარტალური გადახდით და 3 წლიანი ვადით.

ჰოლდინგი 2019 წლის მდგომარეობით 6,900-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა