28.ოქტომბერი .2020 00:17

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "რუსთავის ფოლადს"?

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "რუსთავის ფოლადს"?
views 516
უკან

კომპანია "რუსთავის ფოლადმა" საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოს შემოსავალმა, 2019 წელს 221.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16 მილიონი ლარით ანუ 7.7%-ით მეტი იყო. ამავე ანგარიშის თანახმად, 2019 წელს "რუსთავის ფოლადის" ხარჯები მის შემოსავალზე მეტი იყო, რის შედეგადაც კომპანიამ წელი 0.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, 2018 წელს ქარხანას 8.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. 

"რუსთავის ფოლადი" საქართველოში არმატურის, უნაკერო მილებისა და ფოლადის კონსტრუქციების უმსხვილესი მწარმოებელია. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2019 წელს კომპანიამ 130,000 ტონა არმატურა და 30,000 ტონა უნაკერო მილები დაამზადა. კომპანიის ინფორმაციით, არმატურა, ძირითადად, საქართველოს ბაზარზე იყიდება, ხოლო უნაკერო მილები - დსთ-სა და ევროპის ბაზარზე გადის ექსპორტზე. ამასთან, ქართული ფოლადის პროდუქცია აფრიკის, კერძოდ კი კენიის ბაზარსაც მიეწოდება.

შპს "რუთავის ფოლადი" 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მას ორი მშობელი კომპანია - Tolanius Beheer BV (ნიდერლანდები) და Nominee SP Trustees GmbH (შვეიცარია) ფლობს. თავად კომპანიის მართვას კი Hunnewell Partners-ი ახდენს, რომლის მმართველი პარტნიორიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა

ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავლები გაყიდვიდან სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

მთლიანი შემოსავალი - 221.7 მლნ ლარი, ზრდა 7.7%;
არმატურის გაყიდვები - 178.7 მლნ ლარი, ზრდა 11.3%;
უნაკერო მილები - 28.8 მლნ ლარი, კლება 6.7%.

ცალკეული ბაზრების მიხედვით კი, კომპანიის შემოსავლები 2019 წელს ასეთი იყო:

საქართველო - 182.5 მლნ ლარი, ზრდა 16.8%;
დსთ - 12.9 მლნ ლარი, კლება 28.7%;
ევროკავშირი - 9.2 მლნ ლარი, კლება 46%;
აზია - 7.8 მლნ ლარი, კლება 45%;
აფრიკა - 5.4 მლნ ლარი, შესადარის პერიოდში ექსპორტი არ ფიქსირდება;
აშშ - 3.8  მლნ ლარი, შესადარის პერიოდში ექსპორტი არ ფიქსირდება.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 191.6 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, "რუსთავის ფოლადის" ვალდებულებები მის აქტივებზე მეტი იყო და 254.7 მლნ ლარს შეადგენდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიას ძირითადი ვალდებულებები მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან აქვს.

“კომპანიის ჯამური მიმდინარე ვალდებულებები აჭარბებდა მის მიმდინარე აქტივებს 93,043,694 ლარით (2018 წლის 31 დეკემბერი: 86,338,908 ლარი). ჯამური მიმდინარე ვალდებულებები მოიცავს დაკავშირებულ მხარეთა სესხების თანხას, 152,064,998 ლარს (2018 წლის 31 დეკემბერი: 137,622,640 ლარი). კომპანიის ოპერაციები და ფინანსური ლიკვიდურობა დამოკიდებული იქნება მისი მფლობელის მუდმივ მხარდაჭერაზე,” - ნათქვამია PWC-ის მიერ მომზადებულ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. 

რუსთავის ფოლადისთვის ძირითად ხარჯს 2019 წელს ნედლეულის შეძენის ხარჯი წარმოადგენდა, რაზეც კომპანიამ 129 მილიონი ლარი დახარჯა. მეორე ადგილზეა კომუნალური ხარჯი, რაც 30.4 მლნ ლარს შეადგენდა, ხელფასების ხარჯი 9.3 მლნ ლარი, ცვეთა და ამორტიზაცია კი, 4.6 მილიონი ლარი იყო.

ანგარიშის თანახმად კომპანიაში 1300-1400 ადამიანი არის დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა