მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავლები აქვთ PSP-ს, “ავერსს” და “ჯიპისის”

60239305c215f
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.21 12:11
5501
2020 წელს, საქართველოს სააფთიაქო სექტორმა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიურ ვითარებაში პირბადეების თუ სხვა სანიტარული საშუალებების შესყიდვა ფაქტობრივად ყველა მოქალაქის ვალდებულებად იქცა. პერსონალური დაცვის საშუალებებზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი მატების გამო საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მათი ღირებულება გაათმაგდა.

საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე სამი მთავარი მოთამაშეა, ესენია “PSP”, “ავერსი” და “ჯიპისი/ფარმადეპო”. კომპანიებს ჯერ 2020 წლის ფინანსური შედეგები არ წარუდგენიათ, თუმცა საჯაროა მათი 2019 წლის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.

არსებული მდგომარეობით, ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელი “ჯიპისის” აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 296 აფთიაქით საქმიანობს. მეორე ადგილზეა 268 აფთიაქით “ავერსის” ქსელი, მესამეზე კი - 235 აფთიაქით “PSP”-ს ქსელი. აფთიაქებთან ერთად ეს კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზეც და ისინი სხვადასხვა კლინიკებსა და სახელმწიფო დაკვეთებს ემსახურებიან.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, სამივე კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2019 წელს 1.5 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის გაყიდვების მოცულობით და წმინდა მოგებით პირველ ადგილზე “ჯიპისია”.

1. “ჯიპისი/ფარმადეპო” - შემოსავალი 2019 წელს, 611.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 51.6 მილიონი ლარი;
2. “PSP” - შემოსავალი 2019 წელს, 499.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 26.3 მილიონი ლარი;
3. “ავერსი” - შემოსავალი 2019 წელს, 335.5 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარი.

სააფთიაქო ქსელები საკუთარი მომხმარებლების მოსაზიდად ფასდაკლებების ბარათების სისტემას იყენებენ. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, “ავერსის” ლოიალურობის პროგრამაში სულ 1.6 მილიონი ბარათი არის გაცემული, ხოლო “ჯიპისის” ბარათით კი, 768 ათასი მომხმარებელი სარგებლობს.

თითოეული სააფთიაქო ქსელისთვის მთავარ ხარჯს მარაგების შესყიდვა წარმოადგენს. 2019 წელს “ჯიპისისთვის” გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 456 მილიონი ლარი, PSP-სთვის 380 მილიონი ლარი, “ავერსისთვის” კი 262 მილიონი ლარი იყო.

უკანასკნელ წლებში სააფთიაქო ქსელებისთვის განსაკუთრებულად მზარდი მიმართულება თავის მოვლის და კოსმეტიკური ნაწარმის გაყიდვები აღმოჩნდა. მაგალითად, "ჯიპისის" ქსელის შემოსავალმა კოსმეტიკის და პარფიუმერიის მიმართულებიდან 2019 წელს 143 მილიონი ლარი შეადგინა. 

ვინ არიან სააფთიაქო ქსელების მესაკუთრეები:

სამივე უმსხვილესი სააფთიაქო ქსელი ჯანდაცვის ჰოლდინგური კომპანიების ნაწილია. მათ შორის “ჯიპისის” (შპს “გეფას”) ქსელი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) შემადგენლობაში შედის, რომელიც ასევე “ევექსის” ჰოსპიტალებს მოიცავს. თავისმხრივ, GHG “საქართველოს კაპიტალის” საკუთრებას წარმოადგენს. თავისმხრივ, “საქართველოს კაპიტალი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

“ავერსი ფარმა” ავერსის ჯგუფის წევრია, რომელიც კლინიკებსაც აერთიანებს. კომპანიის 67% და 33%-იან წილებს ბიზნესმენები პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები ფლობენ.

“PSP ფარმა” არის PSP ჯგუფის წევრი, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალსსა” და “PSP დაზღვევას” აერთიანებს. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი არის ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი.