მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონია “თბილსერვისის” შემოსავალი? - რა უჯდება თბილისს დასუფთავება

6110c9a24ab5c
შოთა ტყეშელაშვილი
09.08.21 10:20
2501
დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ, ისინი მძიმე შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. 7 აგვისტოს კახა კალაძის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან მუნიციპალურ კომპანიაში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ. ელოშვილის თქმით, 15 დღის ვადაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი სხვა მოთხოვნების შესახებაც მიიღებს გადაწყვეტილებებს.

რამდენი მილიონია “თბილსერვისის ჯგუფის” შემოსავალი?

“თბილსერვისი” თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი მუნიციპალური კომპანიაა, რომელიც 100%-ით მერიის საკუთრებაშია. კომპანიის მთავარი ფუნქციები დასუფთავება; გარე განათების და სანიაღვრე სისტემის მართვაა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს კომპანიის სრული შემოსავალი 90.9 მილიონი ლარი იყო, ამავე წელს მან 15.1 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. კომპანია სულ 4,939 ადამიანს ასაქმებს.

რაც შეეხება ხარჯებს, მასში წამყვანი ადგილი დასაქმებულთა ანაზღაურებებს უკავია, 2019 წელს დასუფთავების და გარე განათების სისტემის თანამშრომლებმა, ასევე “თბილსერვისის” ადმინისტრაციამ ხელფასების სახით 56.6 მილიონი ლარი მიიღეს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი დასაქმებულის საშუალო ხელფასი წელიწადში 11,451 ლარი, ანუ თვეში 954 ლარი იყო. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, “თბილსერვისში” მომუშავეთა საშუალო თვიური ხელფასი ხელზე 763 ლარს შეადგენს.

დასუფთავების და გარე განათების სამსახურებმა საწვავსა და ტრანსპორტირებაზე 2019 წელს 14.2 მილიონი დახარჯეს, კომუნალური ხარჯები 10 მილიონი ლარი იყო, ხოლო ცვეთა და ამორტიზაცია კი 8.4 მილიონი.

მთლიანობაში საერთო და ადმინისტრაციულ ხარჯებზე კომპანიამ 92 მილიონი ლარი გასწია, ამას გარდა, 14 მილიონი ლარი იყო სხვა საოპერაციო ხარჯებიც, შედეგად, კომპანიამ 2019 წელს 15.1 მილიონი ლარით იზარალა.

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო (86.4 მილიონი) თბილისის მოსახლეობის მიერ გადახდილი კომუნალური ტარიფია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “თბილსერვისის ჯგუფის” აქტივები 112.8 მილიონი ლარია.