მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის მოგება ჰქონდა Inter Rao-ს კუთვნილ "თელასს" სადავო წლებში?

61a9bef55dfa9
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.21 11:40
1400
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს.

გადაწყვეტილება რამდენიმეწლიან სატარიფო დავას უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი. 

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

დავის ფარგლებში Inter Rao-ს მიერ მოთხოვნილი თანხა $200 მილიონი დოლარი იყო. კომპანია უთითებდა, რომ მან ამ მოცულობის შემოსავალი დაკარგა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და კურსის გაუფასურების ტარიფში არ ასახვის გამო.

საქართველოში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და მან განსაკუთრებული ტემპი 2015-2016 წლებში აკრიფა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამავე პერიოდში Inter Rao-ს მთავარი ქართული შვილობილი, ანუ “თელასი” ზარალის ნაცვლად მოგებაზე იყო. მეტიც, კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში მიუთითებდა, რომ “თელასის” საოპერაციო შემოსავალი საკმარისი იყო იმისთვის, რათა ფირმას საოპერაციო ხარჯები და საინვესტიციო ვალდებულებები დაეფარა.

2014-2017 წლებში თელასის ფინანსური შედეგები ასეთი იყო:

• 2014 წელი, შემოსავალი 288 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 28 მილიონი ლარი;
• 2015 წელი, შემოსავალი 327.9 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 6.6 მილიონი ლარი;
• 2016 წელი, შემოსავალი 412 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 38.8 მილიონი ლარი;
• 2017 წელი, შემოსავალი 439.1 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 22.3 მილიონი ლარი.

შესაბამისად, “თელასს” ამ პერიოდში 95.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

“2016 წელს „კომპანიამ“ საოპერაციო საქმიანობიდან მიიღო ფულადი სახსრების საკმარისი ოდენობა თავისი საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობის განსახორციელებლად,”- ნათქვამია 2016 წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

თუმცა, 2017 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში საუბრობს Inter Rao-ს მნიშვნელოვან ფინანსურ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის მიმართ, რის საფუძვლადაც მხარეებს შორის არსებული მემორანდუმი არის მითითებული.

“კომპანია, „საბოლოო მშობელ კომპანიასთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად არის მემორანდუმის მხარე, რომელშიც დათქმულია თანამშრომლობის და გარკვეული ვალდებულებების ძირითადი დებულებები.

„საბოლოო მშობელ კომპანიას“ მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დაარღვია თავისი ვალდებულებები მემორანდუმის შესაბამისად და 2017 წელს დაიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობასთან,”- ნათქვამია დოკუმენტში.

2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.

“2011 წლის 31 მარტს ღსს „ინტერ რაო ეეს“ და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის მიერ 2011–2025 წლებში ქ. თბილისის ელექტროქსელების განვითარებაში, სულ მცირე, 376,4 მილიონი ლარის ინვესტირებას. საპასუხოდ კომპანიას მიეცა არსებული ტარიფების, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეუმცირებლობის გარანტია,”- ნათქვამია 2012 წლის მმართველობით ანგარიშში.

Inter Rao-ს გრძელვადიანი იჯარით “ხრამი 1” და “ხრამი 2”-ის ჰესები 2000 წელს გადაეცა, 2008 წელს კი კომპანია ამ ჰესების მფლობელი გახდა, სადგურების გაყიდვას სახელმწიფო დათანხმდა, რადგან რუსულმა გიგანტმა მდინარე ხრამზე კიდევ 3 ჰესის აშენების ვალდებულება აიღო, რომლებიც 2016 წლამდე უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში და რომელთა საინვესტიციო მოცულობაც 193 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, ამ სადგურების ჯამური გამომუშავება კი 85 მეგავატი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, უკვე 2013 წელს გადაწყდა, რომ კომპანია ამ ინვესტიციას აღარ განახორციელებდა და პროექტს შეაჩერებდა. ეს Inter Rao-ს მიერ ტარიფის შემცირებაზე დათმობის ერთ-ერთი მიზეზიც იყო. აღნიშნული ცვლილება მხარეთა შორის მემორანდუმშიც შევიდა.

“ახალი ჰესის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებასთან (ტედ) დაკავშირებით კომპანია „პეურუს“ მიერ გაწეულმა საკონსულტაციო მომსახურებამ 2013 წელს შეადგინა 3 499 ათასი ლარი. აღნიშნული ხარჯები უნდა შესულიყო კაპიტალურ ხარჯებში, მაგრამ პროექტზე უარი ითქვა ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო,”- ნათქვამია “თელასის” 2013 წლის მმართველობით ანგარიშში.

2013 წლის 31 მარტს კი Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც ტარიფების შემცირებას შეეხებოდა. თუმცა, ტარიფების დაკლებული ღირებულების გამო, თავად “თელასმა” თავისი აქტივების გაუფასურება მოახდინა, რადგანაც კომპანიამ აქტივების ღირებულება განახლებული ტარიფების გათვალისწინებით დათვალა. კომპანიამ 2013 წელს აქტივების გაუფასურებით 64 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

“ძირითადი საშუალებების გადაფასებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 64 270 ათასი ლარი. ძირითადი საშუალებების გაუფასურება განპირობებულია მათი სამართლიანი ღირებულების შემცირებით საბალანსო ღირებულებასთან შედარებით 2013 წლის 1-ელ ნახევარში. სამართლიანი ღირებულების შემცირება გამოწვეულია ძირითადი საშუალებების გამოყენების შედეგად საპროგნოზო შემოსავლების შემცირებით, ელექტროენერგიის გაყიდვაზე ტარიფების შემცირების გამო. 2013 წლის 31 მარტს საქართველოს მთავრობასა და ღსს „ინტერ რაო“-ს შორის ხელი მოეწერა მემორნადუმს „ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა მოსახლეობისთვის, რომელიც თვეში მოიხმარს 100 კვტ*სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, 3,39 თეთრით კვტ.სთ (დღგ-ს გარეშე), აგრეთვე მოსახლეობისთვის, რომელიც თვეში მოიხმარს 101-დან 300 კვტ*სთ-მდე ელექტროენერგიას - 3,00 თეთრით კვტსთ (დღგ-ს გარეშე),”- ნათქვამია დოკუმენტში.

უფრო მეტი რამ მემორანდუმების შინაარსის შესახებ საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან ჩანს, კომპანიას იმის მიუხედავად, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მრავალმილიონიანი წმინდა მოგება ჰქონდა, მაინც არსებობდა გარკვეული “მიუღებელი შემოსავალი”, რაც მემორანდუმის მუხლებიდან გამომდინარეობდა და რაც ფირმისთვის ფინანსური გარანტიების მიცემაში მდგომარეობდა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია. ის თუ რა პროცედურას წარმოადგენს და არბიტრაჟის გადაწყვეტილების რა ნაწილი საჩივრდება, უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.