მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის მოგების გადასახადს იხდიან ბანკები

636a38d5364bc
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.22 16:00
1204
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 9 თვეში სულ 1.53 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა ამ თანხიდან 246 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 28%-ით ანუ 53 მილიონი ლარით მეტია.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, წელს ყველაზე მეტი - 113 მილიონი ლარის მოგების გადასახადი "საქართველოს ბანკმა" გადაიხადა, მეორე ადგილზეა "თიბისი" 109 მილიონის მოგების გადასახადით, მესამე პოზიციას კი "პროკრედიტ ბანკი" იკავებს 5.2 მილიონის მოგების გადასახადით. "ტერა ბანკს", "ზირაათ ბანკს", "სილქროუდ ბანკს" და "პაშა ბანკს" საანგარიშო პერიოდში 0 ლარის მოგების გადასახადი აქვთ გადახდილი, ხოლო ვითიბის მოგების გადასახადი “მინუს 48 ათასი ლარი” იყო.

საბანკო და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადს დღემდე ძველი წესით იხდის; 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კერძო სექტორი მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას (დივიდენდის გაცემისას), ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, მათ გადასახადის გადახდა არ უწევთ. როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის განუცხადა, სავარაუდოდ, მთავრობა ესტონური მოდელის ბანკებზე გავრცელებას 2023 წელსაც გადაავადებს.

„ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოდელი ბანკებზე 2023 წლიდან გავრცელდება, თუმცა განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი ეჭვი გვაქვს, გადაავადებენ,”- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი განაწილებული მოგების გადასახადი ამოქმედდება, მაშინ ბანკებს გაუჩნდებათ უფრო მეტი ლარის რესურსი საკუთარი საკრედიტო აქტივობების დასაფინანსებლად.

სავარაუდოდ, 2022 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის მიერ გადახადილი მოგების გადასახადი რეკორდულ მოცულობას - 300 მილიონ ლარს მიაღწევს.

წლების მიხედვით, საბანკო სექტორმა ყველაზე ცოტა მოგების გადასახადი 2020-ში გადაიხადა და ეს თანხა მინუს 23.5 მილიონ ლარს შეადგენდა.