მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “დარიალი ჰესს”?

637f273aa4ae3
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.22 12:13
3177
“დარიალი ჰესი” საქართველოში უკანასკნელ წლებში საქართველში გახსსნილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია. ის მდინარე თერგზე მდებარეობს და 108 მეგავატის გამომუშავება შეუძლია.

პროექტი ქართულმა ენერგოკომპანია “ფერიმ” განახორციელა, ხოლო 2020 წელს მისი 31.88%-იანი წილი იაპონურმა კორპორაცია TEPCO-მ შეიძინა.

კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სადგურმა გასულ წელს 88 მილიონი ლარი გამოიმუშავა, ხოლო წმინდა მოგებამ 70.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ჰესის აქტივების ცვეთამ 7 მილიონი ლარი; მიწის და ქონების გადასახადმა - 2.4 მილიონი ლარი; ხელფასებმა - 1.9 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 2.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან კომპანიას გააჩნდა 12.5 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები, ხოლო საკურსო სხვაობის ცვალებადობით კომპანიამ 10.7 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, “დარიალი ჰესის” წმინდა მოგებამ 2021 წელს 70.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურს ესკოსთან გააჩნია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება (PPA), რომლის ტარიფიც გასულ წელს გაიზარდა.

“კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ მემორანდუმში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად 2021 წლის ზაფხულიდან შეიცვალა ელექტროენერგიის საზაფხულო ტარიფი, რომელიც 5 აშშ ცენტის ნაცვლად გახდა 5.7 აშშ ცენტი,” - ნათქვამია ანგარიშში.

ჰიდროელექტროსადგურის დაფინანსება EBRD-ის მიერ 2014 წელს გამოყოფილი $80-მილიონიანი 10-წლიანი სესხით მოხდა.

“2021 წელს კომპანიის მიერ სესხის ხელშეკრულების მომსახურების ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 8,653,000 ლარი. კომპანიას ასევე გააჩნდა დაქვემდებარებული გრძელვადიანი სესხი დამფუძნებელი კომპანიის (შპს „ფერი“) მიმართ. აღნიშნული სესხის და მისი მომსახურების ხარჯების სრული გადახდა მოხდა ურთიერთშეთანხმებით და ეტაპობრივად 2021 წლის იანვარში, მარტსა და ოქტომბერში.

კომპანიის საბაზრო რისკი დაკავშირებულია მომავალი ფულადი ნაკადების ცვალებადობასთან საბაზრო ფასების ცვლილების გამო. საბაზრო რისკი შედგება ორი კომპონენტისაგან: (ა) სესხის საპროცენტო განაკვეთის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკი, და (ბ) სავალუტო კურსების ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკი,”- ნათქვამია კომპანიის მმრათველობით ანგარიშში.

2021 წლის ბოლოსთვის ჰესის აქტივები 268 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 139 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიის აქციონერთა სია ასე ნაწილდება: შპს „ენერგია“ - 44.27%; TEPCO Renewable power Singapore PTE - 31.38%; Lock W. Home Irrevocable Trust - 24.35%.