მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ივანიშვილის სასტუმრო Paragraph-ს?

642569a365e5d
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.23 15:31
3819
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროზე აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph-ი, ოფიციალურად 2018 წლის აპრილში გაიხსნა.

220-ნომრიანი სასტუმრო Marriott-ის ფრენჩაიზის მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდს - Autograph Collection-ს მიეკუთვნება.

იურიდიულად, სასტუმროს მმართველ კომპანიას “ბლექ სი რიზორთსი ჯგუფი” ჰქვია. კომპანიამ მისი აქტივების განსაკუთრებულად დიდი ღირებულების გამო, 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სასტუმროს მთლიანი შემოსავალი 35,060,000 ლარს შეადგენდა.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:

• ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 20,414,000 ლარი;
• ამონაგები საკვების გაყიდვიდან - 10,579,000 ლარი;
• ამონაგები სასმელების რეალიზაციიდან - 1,920,000 ლარი;
• ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 1,746,000 ლარი;
• სხვა შემოსავალი - 401,000 ლარი.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გაწეული მომსახურების თვითღირებულება 26 მილიონ ლარს შეადგენდა. ამაში შედიოდა უშუალოდ მომსახურე პერსონალის ანაზღაურებები 6 მილიონის ოდენობით, აქტივების ცვეთა 5.9 მილიონის ოდენობით, სასტუმროს სახარჯი ინვენტარი 8 მილიონი ლარის ოდენობით, კომუნალური გადასახადები 4 მილიონი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ადმინისტრაციის ანაზღაურებები 2.1 მილიონი ლარი იყო, ფრენჩიზის საფასური 1.37 მილიონი ლარი, სხვადასხვა აქტივის შეკეთება 1 მილიონი ლარი, მთლიანობაში სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯები 8.7 მილიონი ლარი იყო.

2021 წელს სასტუმროს მფლობელი კომპანია 858,000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს ორი აკვარიუმი, რომლებშიც ოკეანის ეგზოტიკური მტაცებლები ბინადრობენ, ასევე ზღვაში შეჭრილი 115-მეტრიანი აუზი და ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებით, კაფეები, ბარები და 7 თემატური რესტორანი.