მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს კომპანია PSP-ს?

62fcf84963813
გიორგი თოლორდავა
17.08.22 19:30
2387
დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, კომპანია PSP-ს მმართველმა გუნდმა ფარმაწარმოებაზე კონცენტრირების და არაპროფილური ბიზნესის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

პროექტის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან. საკითხი ეხება „ქართული ლუდის კომპანიის“ 12.39%-იან და სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ 20%-იან წილებს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, BMG გთავაზობთ კომპანია PSP-ს ფინანსურ შედეგებს:

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე საჯაროდ ხელმისაწვდომია „PSP ფარმას“ 2020 წლის ანგარიშგება, საიდანაც ირკვევა, რომ:

2020 წელს PSP-მ 634,296,000 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 634-მილიონიანი შემოსავლით PSP ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულშია.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის საოპერაციო მოგებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, წლის წმინდა მოგება კი 16.6 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება ხარჯებს, სააფთიაქო ქსელისთვის მთავარ ხარჯს მარაგების შესყიდვა წარმოადგენს - 2020 წელს კი PSP-ს მიერ გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებამ 465 მილიონი ლარი შეადგინა.

ხელფასებსა და თანამშრომლების ანაზღაურებაზე ერთ წელიწადში კომპანიამ 70 მილიონი ლარი გასცა; ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებმა 22 მილიონი შეადგინა; ხოლო რეკლამაზე 2020 წელს PSP-მ 7.5 მილიონი ლარი დახარჯა.

31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას PSP-ს ბრენდის ქვეშ 260 აფთიაქი ემსახურებოდა.

რაც შეეხება კომპანიის მესაკუთრეობის საკითხს, „PSP ფარმა” არის PSP ჯგუფის წევრი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა” და „PSP დაზღვევას” აერთიანებს. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილია.