მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “Pace ჯგუფს”

6380d8061cc9d
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.22 21:20
1166
ფოთის პორტის ნავმისადგომების ოპერატორმა, "Pace ჯგუფმა" 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ჯგუფია, რომელიც 25 წელზე მეტია საქმიანობს. კომპანიამ 2022 წელს "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გახსნა, რომლის მშენებლობაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო DFC-იმ $120-მილიონიანი ინვესტიციით დააფინანსა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “პეის ჯორჯიამ” 2021 წელს საკუთარი შემოსავალი 20%-ით, 116 მილიონ ლარამდე გაზარდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება 15.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

"პეის ჯგუფის" უმსხვილეს პროექტს სწორედ ახალი ტერმინალი წარმოადგენს, რომელიც 195,000 კვადრატული მეტრის ფართობზე მდებარეობს.

2021 წელს კომპანიის შემოსავალი კომპონენტების მიხედვით, ასე ნაწილდებოდა:

• ფორვარდირება, ტვირთების შენახვის, ჩატვირთვა გადმოტვირთვის მომსახურება - 114 მილიონი ლარი;
• გემების სააგენტოს მომსახურება - 1.4 მილიონი ლარი;

"პეის ჯგუფისთვის" მთავარი დანახარჯები ლოგისტიკური მომსახურების საფასური იყო, მათ შორის კომპანიამ სარკინიგზო სერვისში 46.5 მილიონი ლარი გადაიხადა, საქონლის ჩატვირთვა გადმოტვირთვაში - 46 მილიონი, პორტის მომსახურებაში - 2.1 მილიონი ლარი. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 5.4 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯები.

თავად "Pace ჯგუფს" ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატირისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული.