მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ საქართველოში მთავრობის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიებს

6177f7f3b5dd4
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 00:00
1672
საქართველოში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინური სამშენებლო კომპანიების მიერ სრულდება. საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობისთვის ეს კომპანიები ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ. კომპანიების ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა თუ რამდენი მილიონი ლარის მოგება რჩებათ მათ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ჩინურ სახელმწიფო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება რამდენიმე მილიარდი ლარია.

ჩინური კორპორაციების ფინანსური შედეგები:

“ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია”, რომელიც რიკოთის 901-მილიონიან მონაკვეთს აშენებს:

 
● შემოსავალი 2020 წელს - 159.8 მილიონი ლარი;
● შემოსავალი 2019 წელს - 30 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 19 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 2.8 მილიონი ლარი.

კომპანიის აქტივები 295 მილიონი ლარია.

„ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ სხვა ჩინურ კონტრაქტორებს შორის ბაზრის ახალი მოთამაშეა, თუმცა ის ღირებულების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ - 901-მილიონიან პროექტს ახორციელებს. კომპანიამ გზების დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის პირობების თანახმად, კომპანიამ უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლის დეკემბრამდე უნდა დაასრულოს. პროექტი საქართველოს მიერ EIB-ისგან აღებული სესხით ფინანსდება.

უბისა-შორაპანის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 18 გვირაბი, რომელთა სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდი, რომლიდანაც 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 - აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე.

კომპანია მმართველობით ანგარიშში მიუთითებს, რომ გზის პროექტირების ეტაპის გაგრძელების გამო, სავარაუდოა, რომ მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდეს.

კომპანია „China Road and Bridge Corporation“ 1979 წელს დაფუძნდა. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში ააშენა 200-ზე მეტი მაგისტრალი, რომელთა ჯამური სიგრძე 10 000 კმ-ზე მეტია.

“კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”

● შემოსავალი 2020 წელს - 84 მილიონი ლარი;
● შემოსავალი 2019 წელს - 121.7 მილიონი ლარი;
● შემოსავალი 2018 წელს - 87.4 მილიონი ლარი.
● წმინდა მოგება 2020 წელს - 46.2 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 17.5 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2018 წელს - -21.1 მილიონი ლარი.

“სინოჰიდროს” აქტივები 150 მილიონ ლარს შეადგენს.

ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Synohydro-ს ფილიალი საქართველოში 2010 წელს დაფუძნდა. კორპორაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია, საქართველოს გარდა ის პროექტებს ბანგლადეშში, პაკისტანში, უგანდაში, შრი-ლანკასა და ალჟირში ახორციელებს. კომპანია ძირითადად ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე სპეციალიზდება, თუმცა საქართველოში ის ავტობანის მშენებლობით არის დაკავებული.

საქართველოში “სინოჰიდროს” პროექტებს შორისაა ქობულეთის შემოვლითი გზით 12.4 კილომეტრიანი მონაკვეთი; თბილისი-რუსთავის მონაკვეთის პირველი და მესამე სექციის მშენებლობა; ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი; სამტრედია-გრიგოლეთის 19.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”

● შემოსავალი 2020 წელს - 6 მილიონი ლარი;
● შემოსავალი 2019 წელს - 25.2 მილიონი ლარი;
● შემოსავალი 2018 წელს - 130.2 მილიონი ლარი.
● წმინდა ზარალი 2020 წელს - -15 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2019 წელს - -7,7 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2018 წელს - 95 მილიონი ლარი.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე წარმომადგენლობის აქტივების ღირებულება 194 მილიონი ლარია.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციაა”.

კომპანია საქართველოში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაში არის ჩართული, ესენია - 1) რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკია. პროექტის საერთო სიგრძე შეადგენს 43.911 კილომეტრს; 2) სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტის კმ 42+000 - მკ 51+570 მონაკვეთის მშენებლობა. პროექტით ასაშენებელი საავტომობილო მაგისტრალის სრული სიგრძე არის 9.57 კმ, პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 4 პანდუსი, რომელთა საერთო სიგრძე 753 მეტრია. მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია; 3) ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 316.4 მილიონი ლარია. კომპანიამ კონტრაქტი 2019 წელს მოიპოვა.

"ჩინეთის რკინიგზის გვირაბების ჯგუფი" China Railway Tunnel Group:

საქართველოში საქმიანობს კიდევ ერთი მსხვილი ჩინური კორპორაცია, China Railway Tunnel Group Co, რომელიც ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიან გვირაბს აშენებს. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის მოცულობა 909 მილიონი ლარია.

China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) 1984 წელს დაფუძნდა და უმსხვილესი საინჟინრო საწარმოა, რომელიც ჩინეთში გვირაბების მშენებლობას და მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.