მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ დაუჯდა ბიუჯეტს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარების სესხების სუბსიდირება?

60ba43e833986
თელარა გელანტია
05.06.21 12:54
1004
სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ბანკებმა 3 მლრდ 19 მლნ ლარის სესხი გასცეს.

ცნობისთვის: „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების გაფართოებასა თუ ახლის შექმნაში და ამ მიზნით იაფი ფულადი რესურსით უზრუნველყოს ისინი. კერძოდ, სახელმწიფო პროექტი პროგრამის ბენეფიციარებისთვის სესხის ძირითად თანხაზე პროცენტის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც bm.ge-ის მიერ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013-2021 წლებში გაცემულ სესხებზე თანადაფინანსებამ 283,405,264 ლარი და 59,248,527 ლარი შეადგინა.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სესხის პროცენტი რამდენიმე წლით უსუბსიდირდება, 2021-2026 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელებს კიდევ 310,541,784 ლარის და 3,013,130 დოლარის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ: პროგრამის ფარგლებში, 2013-2021 წლებში სულ 48,000-მდე სესხი გაიცა; ჯამში, პროექტს 27 381 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს და მათგან 4 735-მა ამ პროგრამით 3-ჯერ ან მეტჯერ ისარგებლა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2013-2019 წლებში დარგში საკრედიტო პორტფელი 1,131%-ით გაიზარდა. უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სწორედ ამ პროექტის ეფექტია, რადგან სექტორის რისკიანობიდან გამომდინარე, ბანკები სესხის გაცემისას ძალიან ფრთხილები არიან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ამ პროექტის ბენეფიციარებმა 11 200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს - წყარო შემოსავლების სამსახურია. მათივე ცნობით, 2013-2019 წლებში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულმა ბენეფიციარებმა სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდამდე ლარი გადაიხადეს, რაც 2012-თან შედარებით დაახლოებით, 247 მლნ ლარით მეტია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ეფექტით ვერ აიხსნება, რადგან პროექტის ბევრი ბენეფიციარი საკმაოდ ძლიერი კომპანიაა, რომლებიც ბუნებრივია, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს პროგრამაში ჩართვამდეც იხდიდნენ.