მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ მიიღო საქართველომ მინერალური წყლების ექსპორტით - „აიდიეს ბორჯომი“ TOP-სამეულშია

626bda8970316
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 21:00
1649
საქართველოში მინერალური და მტკნარი წყლების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია IDS ბორჯომმა 29 აპრილიდან, გაურკვეველი დროით, ორივე ქარხანაში საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ის არის, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტის მფლობელი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთი მიერ სანქცირებული რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფია”. დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

IDS Borjomi საქართველო წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის - მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულში შედიოდა. უფრო მეტიც, BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ IDS Borjomi როგორც 2021 წლის 12 თვის, ისე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მინერალური და მტკნარი წყლების TOP-3 ექსპორტიორი კომპანიების სიაშია. 

TOP-3 ექსპორტიორი კომპანიები კი ასე გამოიყურება:

1. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი";
2. სს წყალი მარგებელი;
3. შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო;

მინერალური წყლების ექსპორტიორი კომპანიების 10-ეულში შედიან ასევე კომპანიები: შპს აქვა გეო; შპს საირმე მინერალ ვოთერს; შპს ვოთერ ლენდი; შპს ნანა; სს ქართული ლუდის კომპანია; შპს ჯ.ჯ.ლ. კომპანი; შპს დნდ-ტრანს.

*ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

აღსანიშნია ისიც, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი" საქართველოს მთლიან ექსპორტში TOP-10 უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებს შორისაც ხვდება.

ოფიციალური სტატისტიკით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტით გასულ წელს საქართველომ 141.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის ექსპორტის ღირებულებას 21.6%-ით აღემატებოდა.

რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-მარტის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის მაჩვენებელს, ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 32.7 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 11.4% შეადგინა.

წლის დასაწყისში, ისევე როგორც გასულ - 2021 წელს, საქართველოდან მინერალური წყლები ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში გავიდა. ოფიციალური სტატისტიკით, I კვარტალში მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 საექსპორტო ქვეყანის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი - 14.4 მლნ დოლარი, 26 395 ტონა;
2. ყაზახეთი - 6.7 მლნ დოლარი, 10 852 ტონა;
3. უკრაინა - 4.6 მლნ დოლარი, 11 015 ტონა;
4. ლიეტუვა - 2.2 მლნ დოლარი, 3 813 ტონა;
5. ბელარუსი - 1.7 მლნ დოლარი, 3 600 ტონა;
6. უზბეკეთი - 1.2 მლნ დოლარი, 1 843 ტონა;
7. აშშ - 448.2 ათასი დოლარი, 597 ტონა;
8. აზერბაიჯანი - 354.6 ათასი დოლარი, 911 ტონა;
9. ისრაელი - 249.6 ათასი დოლარი, 385 ტონა;
10. მოლდოვა - 180.3 ათასი დოლარი, 220 ტონა.