მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლრდ ლარის სესხი გაიცა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით 2013-2021 წლებში?

60b9e3a7de80f
თელარა გელანტია
04.06.21 13:00
1133
სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების გაფართოებასა თუ ახლის შექმნაში და ამ მიზნით იაფი ფულადი რესურსით უზრუნველყოს ისინი.

როგორც bm.ge-ის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, ამ პროექტის ფარგლებში კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 3 მლრდ 19 მლნ ლარის სესხი (ლარში - 2,515,453,319; დოლარში - 247,792,086).

პროგრამის ფარგლებში, 2013-2021 წლებში სულ 48,000-მდე სესხი გაიცა; ჯამში, პროექტს 27 381 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს და მათგან 4 735-მა ამ პროგრამით 3-ჯერ ან მეტჯერ ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ 2013-2021 წლების განმავლობაში გადასახადის გადამხდელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ბენეფიციარებისთვის სესხის ძირითადი თანხის თანადაფინანსება 283,405,264 ლარი და 59,248,527 დოლარი დაუჯდათ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2013-2019 წლებში დარგში საკრედიტო პორტფელი 1,131%-ით გაიზარდა. უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სწორედ ამ პროექტის ეფექტია, რადგან სექტორის რისკიანობიდან გამომდინარე, ბანკები სესხის გაცემისას ძალიან ფრთხილები არიან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ამ პროექტის ბენეფიციარებმა 11 200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს - წყარო შემოსავლების სამსახურია. მათივე ცნობით, 2013-2019 წლებში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულმა ბენეფიციარებმა სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდამდე ლარი გადაიხადეს, რაც 2012-თან შედარებით დაახლოებით, 247 მლნ ლარით მეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ეფექტით ვერ აიხსნება, რადგან პროექტის ბევრი ბენეფიციარი საკმაოდ ძლიერი კომპანიაა, რომლებიც ბუნებრივია, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს პროგრამაში ჩართვამდეც იხდიდნენ.