28.ოქტომბერი .2020 23:35

რამდენი მომხმარებელი ჰყავს სკუტერების გაქირავების ქართულ კომპანია Scroll-ს?

რამდენი მომხმარებელი ჰყავს სკუტერების გაქირავების ქართულ კომპანია Scroll-ს?
views 684
უკან

სკუტერების გაქირავების ქართული კომპანია Scroll-ი კიევშიც გამოჩნდა. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა დანიელ დოინიცინმა bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, Scroll-მა უკრაინის დედაქალაქში ოპერირება რამდენიმე დღეა დაიწყო.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, Scroll-ის სკუტერები თბილისში, ბათუმსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი. ჯამში, დოინიცინის თქმით, კომპანიას დაახლოებით 2 000 სკუტერი ჰყავს.

კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერის ინფორმაციით, Scroll-ის აპლიკაცია უკვე 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოწერა.

„ჩვენი მომხმარებლები 19-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. მათ შორის შეიძლება იყვნენ: სპორტის მოყვარული, რომელიც მაგალითად ჩოგბურთის მოედანზე მიდის, იოგით დაინტერესებული ადამიანი და ა.შ. ასევე ჩვენი სკუტერებით უძრავი ქონების აგენტები დადიან, ზოგი შეხვედრაზე წასვლისთვის იყენებს მათ, ზოგიც კიდევ უბრალოდ გართობისთვის“, – განაცხადა დანიელ დოინიცინმა.

ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალების ფასი ქალაქების მიხედვით განსხვავებულია. სკუტერის გააქტიურება 1 ლარი ღირს, ხოლო შემდეგ ყოველ მომდევნო წუთზე თბილისში ემატება 35 თეთრი, ხოლო ბათუმსა და რუსთავში 25 თეთრი.

Scroll-ს ჯამში 100-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კომპანია გაფართოებას და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვა ქალაქებში გამოჩენასაც გეგმავს. თუმცა, გარდა ამისა, დოინიცინის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ერთ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ახალი სერვისის დანერგვას მსგავსი ტიპის აპლიკაციით, მაგრამ, ამ შემთხვევაში სხვა სატრანსპორტო საშუალებები იქნება გამოყენებული.

ცნობისთვის, Scroll-ი "აჭარა ჯგუფს" ეკუთვნის. ის მიმდინარე წელს შეიქმნა. კომპანიის სკუტერების გამოყენება სპეციალური აპლიკაციის ჩამოწერით არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა