მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მოქალაქე იღებდა 10 წელზე მეტი ხნით დოლარის იპოთეკებს და რას გამოიწვევს აკრძალვა

61b0ea876d74a
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.21 00:00
3069
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არაჰეჯირებულია და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგმა. იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობის შემცირებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს შეამციროს ახალი იპოთეკების ის წილი, რომლებიც 10-15 წლამდე ვადით იქნებოდა აღებული.

საგულისხმოა ფაქტი, რომ დღეს ლარის იპოთეკის განაკვეთია 11.9%, ხოლო დოლარში განაკვეთი ორჯერ დაბალია და 6.1%-ს შეადგენს, ევროში კი 4.6%-ს. შესაბამისად, მოქალაქეებს ამ კრედიტების პროცენტი გაცილებით უფრო იაფი უჯდებათ ვიდრე ლარის სესხების პროცენტის მომსახურება.

რამდენი სავალუტო იპოთეკური სესხი გაიცემა ქვეყანაში

2021 წლის 10 თვეში 10 წელზე მეტი ვადიანობის სულ 18,359 იპოთეკური სესხი გაიცა. აქედან 14,217 ლარის იპოთეკები იყო, 4,142 კი - დოლარის და ევროს იპოთეკური კრედიტები. შესაბამისად, რაოდენობრივად ლარის იპოთეკები 10 წელზე ხანგრძლივ სეგმენტში სავალუტო იპოთეკებს რამდენჯერმე აჭარბებს.

რაც შეეხება ღირებულებას, ამ სესხების მთლიანი ღირებულება 2.22 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის დოლარის და ევროს კრედიტების მოცულობა 1.18 მილიარდი, ლარის იპოთეკების მოცულობა კი 1.05 მილიარდი ლარი იყო.

ასეთი გადანაწილება გამოწვეულია იმით, რომ ლარის იპოთეკური სესხის მოცულობა რამდენჯერმე უფრო მცირეა, ვიდრე დოლარსა და ევროში აღებული სესხების მოცულობა. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 10 წელზე ხანგრძლივი ლარის იპოთეკის საშუალო მოცულობაა 77,155 ლარი, დოლარის და ევროს იპოთეკის მოცულობა კი 275,446 ლარია. ასეთი სხვაობა მათ შორის გამოწვეულია იმითაც, რომ 200,000 ლარზე დაბალი სესხების აღება ქვეყანაში მხოლოდ ლარშია შესაძლებელი.

სტატისტიკის მიხედვით, ქართული ბანკები წლიურად 5,000-მდე 10 წელზე უფრო ხანგრძლივ სავალუტო იპოთეკურ სესხებს გასცემენ. 2022 წლიდან ვადიანობის შესახებ აკრძალვის ძალაში შესვლასთან ერთად, სავარაუდოდ, დოლარის და ევროს კრედიტების ნაწილი, რომლებიც სხვა შემთხვევაში 15 წლამდე იქნებოდა, დამოკლდება და 10 წლამდე ჩამოვა. ეს კი თავის მხრივ, კრედიტორთა მხრიდან ყოველთვიურად გადასახდელ თანხას გააძვირებს. ამასთანავე, არაა გამორიცხული, აღნიშნული კრედიტების ნაწილი ეროვნულ ვალუტაშიც გაიცეს.

ეროვნული ბანკი წერს, რომ სავალუტო კურსის რისკთან ერთად დოლარის და ევროს სესხებს საპროცენტო განაკვეთის რისკიც აქვთ, რადგანაც ამ სესხების ძირითადი ნაწილი ცვლად განაკვეთზეა მიბმული, ხოლო მომავალში აშშ-სა და ევროზონის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ კრედიტებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.