18.ივნისი .2020 16:35

რამდენი მოვაჭრე დაზარალდა ვარკეთილში და რა თანხის გადახდა მოუწევს "ირაოს"?

views 530
უკან

15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. ზარალს სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებში აანაზღაურებს. 

Bm.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა მოკვლევა, უკვე ცნობილია თუ არა დაზარალებულთა რაოდენობა და რა ზიანის ანაზღაურება მოუწევს „ირაოს“.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 550 დაზარალებული გვყავს და დოკუმენტაციის მოწოდების შემდეგ დავიწყებთ ზარალის ანაზღაურებას. შესაძლოა ეს რიცხვი შეიცვალოს, თუმცა ახლანდელი მოცემულობა ასეთია. როგორც ვიცი, დოკუმენტების გამოთხოვა უკვე დაწყებულია. ვიდრე ყველა დოკუმენტს არ მივიღებთ, ზარალის ზუსტი ოდენობა არ გვეცოდინება, თუმცა ალბათ რამდენიმე მილიონზე იქნება საუბარი.

ჩვენი მხრიდან მოხდება მარაგების და მოვაჭრეების საქონლის ზარალის ანაზღაურება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემდეგიპროცედურები - მოვაჭრეებს ვაძლევთ 60 დღეს იმისთვის, რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს ხანძრის გაჩენისას ობიექტებზე არსებული პროდუქციის ზარალს და ფასს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია სრულად მოგვეწოდება, 30 დღის განმავლობაში მოხდება ზარალის ანაზღაურება. მთავარია დოკუმენტაცია დროულად მოგვაწოდონ და ჩვენ მზად ვართ, მყისიერად, კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ“, - განუცხადა bm.ge-ს „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო მინდორაშვილმა.



შეგახსენებთ, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიას ზარალის გათვალისწინებით თითოეული მოვაჭრის კომპენსირებისთვის, მაქსიმუმ 15 000 ლარის გაცემის ვალდებულება აქვს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა