მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ობიექტი დააჯარიმეს პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის გამო?

627ab784bbf59
თათია ჩაფიჩაძე
10.05.22 22:24
1263
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წელს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ან მათი შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონის გამო, 250-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა, საიდანაც ზოგიერთი ქსელური მარკეტის შემთხვევაში, დარღვევა ათეულობით შემთხვევაში განმეორდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორც BMG-ის მერიაში უთხრეს, მსხვილ ქსელურ მაღაზიებს დარღვევები აღარ ჰქონიათ, მცირე ზომის მაღაზიების შემთხვევაში კი დაჯარიმების 30 ფაქტი გამოვლინდა.

„მცირე მაღაზიებს გაფრთხილებების და გამოსწორებისთვის ვადის მიცემის შემდეგ ვაჯარიმებთ, მიმდინარე წელს ასეთი 30-ზე მეტი ობიექტი დაჯარიმდა.

ინსპექტირების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმება. დაჯარიმებულთა შორის არიან როგორც მსხვილი, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტები.

ინსპექტირების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ამოწმებს რეალიზებაში არსებულ პარკებს, შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან, ასევე სავაჭრო ობიექტმა უნდა წარმოადგინოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიცირებული ლაბორატორიის დასკვნა პროდუქციის შესახებ. სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, კანონის შესაბამისად, ობიექტის დაჯარიმება და პოლიეთილენის პარკების კონფისკაცია ხდება", - წერია BMG-თვის გამოგზავნილ ოფიციალურ ინფორმაციაში.

კანონის მიხედვით პარკებზე კონტროლს სამ უწყება ახორციელებს. საბაჟოზე მონიტორინგი შემოსავლების სამსახურს ევალება, ადგილობრივ საწარმოებს გარემოს ზედამხედველობის სააგენტო, ხოლო ბაზარზე მოხმარებას მუნიციპალიტეტები ამოწმებენ.

ცნობისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასულ კვირას მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით პარკების მწარმოებელი 51 ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 37 დაჯარიმდა. ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჯამურად 3 529 675 ცალი, 23 378 კგ პარკი, 8 036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ტომარა დალუქეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებაზე ობიექტები დააჯარიმეს თბილისში, იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის ივლისიდან არის აკრძალული. პირველ ჯერზე მეწარმე სუბიექტისთვის ჯარიმა 500 ლარი, გამეორების შემთხვევაში კი 1000 ლარია.