მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი რესტორანი დააჯარიმეს COVID-თან დაკავშირებული პროტოკოლის დარღვევის გამო

5f23060c07c03
თამთა ჯიჯავაძე
30.07.20 23:00
1029
შრომის ინსპექციამ სარესტორნო ბიზნესის დაახლოებით 100-მდე ობიექტი შეამოწმა და მათგან 30 დააჯარიმა, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ გადაცემა “საქმიან დილაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დინამიკა ამ მიმართულებით დადებითია. რაც შეეხება ბაზრების შემთხვევებს, მისივე თქმით, მათ მოუწიათ 18 ბაზრის დაჯარიმება, იმის გამო რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა არ ხდებოდა.

„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ რეგულაციების შემუშავება დაიწყო იმისთვის, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ჩვენ გარანტირებულად გვქონდეს გარკვეული მოცემულობა, გარკვეული მდგრადობა ბიზნესის გახსნის კუთხით და ის ასევე ბუნებრივია მიმართულია იქითკენ, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ეს შედეგები ქვეყანაში გვაქვს კიდეც. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შევინარჩუნოთ, ამიტომაც გეგმიურ მონიტორინგს ეკონომიკის გახსნის შემდეგ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას", – აღნიშნა ფერაძემ.

რაც შეეხება პროცესს, თუ სად ხორციელდება ძირითადად ინსპექტირება, მისივე განცხადებით, მათ ეპიდემიოლოგიებთან აქვთ მუდმივი კომუნიკაცია და შესაბამისად, რისკის შეფასების საფუძველზე ხდება ინსპექტირება, იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე მეტია.

"მაგალითად, თქვენ იცით, რომ გარკვეული აქცენტი გაკეთებული იყო კვების ობიექტებზე, სადაც განსხვავებული ძალიან ბევრი ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში იყრის თავს და შესაბამისად გავრცელების რისკი აქ იყო უფრო მეტი, ჩვენ გარკვეული ინტერვენციები განვახორციელეთ ამ მიმართულებით, ისევე როგორც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არაერთი კამპანია ჩავატარეთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, პირველ დღეებში დაჯარიმების რიცხვი იყო გაცილებით მაღალი, ახლა კი დინამიკა დადებითია.