მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სმარტფონია საქართველოში? - ანუ რამდენს შეეძლება მთავრობის App-ით სარგებლობა

5e983602cf3be
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 00:15
2910
საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს COVID-19-ის მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს. სისტემა უკვე ხელმისაწვდომია, როგორც Android, ასევე IOS პლატფორმებისთვის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, საქართველოში მობილური ტელეფონების რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. რაც შეეხება უშუალოდ Android-ისა და IOS სმარტფონების რაოდენობას, GNCC-ის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში Apple-ის სმარტფონების რაოდენობა 725,749-ს შეადგენს, ხოლო Android-ის სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონების რაოდენობა კი 2.8 მილიონს აჭარბებს. მათგან მხოლოდ Samsung-ის მობილური ტელეფონების რაოდენობა 1,928,389-ია; Huawei-ს 517,675; Lenovo-ს კი 517,671.

აპლიკაცია სხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებული სისტემის ქართული ანალოგია და ის მოხმარებლებს, მათი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების გარეშე აწვდის ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ან იყვნენ თუ არა მის სიახლოვეს.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით.

დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge

„აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.

იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია - კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით - დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.

აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა“, - განმარტავენ სამინისტროში.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან - https://bit.ly/3bkYphX

iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ - https://apple.co/2V92MXw