28.აგვისტო .2020 22:10

რამდენი თვითდასაქმებული გაწევრიანდა ნებაყოფლოით საპენსიო სისტემაში?

views 578
უკან

სახელმწიფო საპენსიო სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისთვის არის სავალდებულო. შესაბამისად, ეს ადამიანები და მათი დამსაქმებლები ყოველთვიურად საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-2%-ს რიცხავენ. არსებული მდგომარეობით სისტემაში 1 მილიონზე მეტი დასაქმებული მონაწილეობს. 

ნებაყოფლობითია საპენსიო სისტემაში მონაწილეობა თვითდასაქმებულებისთვის, თუმცა, მათ სხვა დასაქმებულებისგან განსხვავებით, სისტემაში ჩართვის შემდეგ არა 2%-იანი, არამედ 4%-იანი კონტრიბუციის განხორციელება ევალებათ. "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპენსიო სააგენტოდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი თვითდასაქმებული გაწევრიანდა ნებაყოფლობით საპენსიო სისტემაში.

სააგენტოს თანახმად, ივლისში მათმა რაოდენობამ 7,443 შეადგინა. შესაბამისად, თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა სისტემაში გაწევრიანებისგან თავი შეიკავა. ამასთან, საპენსიო სააგენტოს განმარტებით, ამ 7,443 ადამიანს შორის საერთაშორისო დიპლომატიურ მისიაში დასაქმებული ადამიანებიც შედიან, რომლებიც საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ.

საპენსიო სისტემის აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონს შეადგენს, რაც მთლიანად საქართველოს მოსახლეობის 27%-ია. ამ დროისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების მოცულობა 940 მილიონ ლარს შეადგენს.

დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, აქტიურ მონაწილეთა 58% კაცი, 42% კი - ქალია.

ჯამურად სისტემაში ჩართული კომპანიების რაოდეობა 63,881-ს შეადგენს, ხოლო მათი რაოდენობა კი, ყოველთვიურად დაახლოებით, 700 კომპანიით იზრდება.


სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია. 

რა სახით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება სრულფასოვანი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შემდეგ?

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს. არსებული მდგომარეობით, ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავ გრძელდება და საპენსიო სააგენტო და ეროვნული ბანკი მისი საბოლოო ვერსიის მისაღებად მოლაპარაკებებს მართავენ.

მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით კიდევ ერთი არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. 2020 წლის 16 იანვარს კი მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა,
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი, მისი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. 

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა