01.აპრილი .2020 18:40

რამდენი უჯდება მთავრობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირება?

views 889
უკან

კომუნალური გადასახადების სუბსიდია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნაწილში მთავრობას თვიურად, ჯამში, დაახლოებით 44 მილიონი ლარი დაუჯდება - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მიაწოდა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა ამ თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, ელექტროენერგიის ნაწილში, მილიონ 200 ათასზე მეტ აბონენტს ჯამში, თვეში საშუალოდ, 17 მილიონი ლარი დაუსუბსიდირდება, ხოლო ბუნებრივი გაზის ნაწილში დაახლოებით, 670 ათას აბონენტს, ყოველთვიურად, საშუალოდ 27 მილიონი ლარის სუბსიდია გამოეყოფა.

რაც შეეხება წყალმომარაგებასა და დასუფთავების მოსკრებელს, აქაც რამდენიმე მილიონი ლარის დაფინანსება იქნება გამოყოფილი, რაც სრულად უზრუნველყოფს იმას, რომ 200 კილოვატზე ნაკლები მოხმარება ვისაც აქვს, სრულად დაუფინანსდეს მოხმარებული სასმელი წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მან მთავრობის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოება განმარტა.

"მთავრობის მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება არ ეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათ შორის, საოჯახო სასტუმროებს და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუ ვინმეს მარტის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზის, ან წყლის გადასახადი, თუ მოსაკრებელი წინასწარ აქვს გადახდილი, მათ ეს მომავალი გადასახდელების ანგარიშში დაუჯდებათ და შესაბამისად, როცა ჩვეულებრივი, ნორმალური გადახდის რეჟიმი ექნებათ, მომავალ პერიოდში შეეძლებათ მისი გამოყენება", - აღნიშნა სემეკ-ის თავმჯდომარემ.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ ვის შეეხება ეს კომუნალური დახმარება, BM.GE ასეთ გათვლებს გთავაზობთ:

თბილისის შემთხვევაში, ანუ "თელასის" აბონენტებიდან ეს შეეხება იმ ოჯახებს, რომელთაც ელექტროენერგიის თვიური ხარჯი დაახლოებით 37 ლარამდე აქვთ, რეგიონებში ("ენერგო-პრო ჯორჯია") კი - 36 ლარამდე.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, დედაქალაქში ("თბილისი ენერჯი") დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც თვიურად, მაქსიმუმ 92 ლარს იხდის, რეგიონებში ("სოკარ ჯორჯია გაზი")კი ისინი, ვისაც ეს ხარჯი 114 ლარამდე აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა