მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია და სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები

621b67271d597
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.22 16:22
1590
სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4,078,074,900-ს შეადგენს, რაც 2022 წლის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ($20.9 მლრდ დოლარი) 20%-ია. 

იანვარში დეკემბერთან შედარებით სავალუტო რეზერვები $194 მილიონით შემცირდა, რაც სავარაუდოდ საქართველოს მთავრობის ფინანსური ოპერაციებით და საგარეო ვალის მომსახურებით იყო განპირობებული. 

სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები?

საქართველოს სავალუტო რეზერვების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში არის ინვესტირებული. თანხის დეტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში წარადგენს. ჯერჯერობით 2021 წლის ანგარიში გამოქვეყნებული არაა, 2020 წლის ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს რეზერვების ყველაზე დიდი ნაწილი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში იყო განთავსებული, რაც აღნიშნული პერიოდისთვის $4.13 მილიარდიანი რეზერვებიდან $1.55 მილიარდი დოლარი იყო, ეს რეზერვების 37% იყო.

$1.92 მილიარდი იყო განთავსებული (რეზერვების 46%) სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და მსხვილი კომერციული ბანკების ფასიან ქაღალდებში, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფასიან ქაღალდებში, ნიდერლანდების BNG ბანკის ფასიან ქაღალდებში, კანადის სამეფო ბანკის ფასიან ქაღალდებში, კორეის განვითარების ბანკის ფასიან ქაღალდებში, გერმანიის NRW ბანკის ფასიან ქაღალდებში, საფრანგეთის რკინიგზის SNCF ფასიან ქაღალდებში, შვედური Kommunalbanken-ის ფასიან ქაღალდებში, შვედეთის სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო ორგანიზაციის Svensk Exportkredit AB ფასიან ქაღალდებში და სხვა ორგანიზაციების ფასიან ქაღალდებში. ამ აქტივებს ეროვნული ბანკი "სააგენტოს ფასიან ქაღალდებს" უწოდებს.

კანადის, ავსტრალიის, დანიის და შვედეთის სახაზინო ობლიგაციებში საქართველოს სავალუტო რეზერვების 7.2% ინახებოდა ($300 მილიონი).

სავალუტო რეზერვების 5.2% ($213 მილიონი) იყო განთავსებული IMF-ის "სესხების სპეციალურ უფლებაში" SDR.

რეზერვების 2.5% ინახებოდა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სუპრანაციონალურ) ფასიან ქაღალდებში, მათ შორის EBRD-ის, ADB-ის, აფრიკის განვითარების ბანკის, EUROFIMA-ს და სხვა ორგანიზაციების ფასიან ქაღალდებში. 

საპროცენტო ამონაგები ამ აქტივებისთვის ასე ნაწილდება:

სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.125%-5.75%;
სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.25%-6%;
სააგენტოს ფასიანი ქაღალდები - 0.25%-5.25%%.

უფრო დეტალურად თანხობრივი განაწილება შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.