მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია “გუდვილის” შემოსავლები? - კომპანიის გაყიდვების უმსხვილესი წილი საკუთარ წარმოებაზე მოდის

63b7b0540d225
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.23 23:55
5256
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰიპერმარკეტების ქსელმა “გუდვილმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 11.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 148 მილიონი ლარი შეადგინა.

გაუმჯობესდა “გუდვილის” მოგების მაჩვენებელიც, 2020 წელს კომპანია 4.8 მილიონი ლარის ზარალზე იყო, 2021 წელს კი სუპერმარკეტების ქსელი 0.05 მილიონის წმინდა მოგებაზე გავიდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 118 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდვები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

• საკუთარი წარმოება - 19.3 მილიონი ლარი;
• რძის პროდუქტები - 13.4 მილიონი ლარი;
• ხილ-ბოსტნეული - 12.6 მილიონი ლარი;
• ხორცის პროდუქტები - 12.4 მილიონი ლარი;
• ბაკალეა - 12 მილიონი ლარი;
• სიგარეტი - 11.6 მილიონი ლარი;
• საკონდიტრო ნაწარმი - 10.7 მილიონი ლარი;
• ჰიგიენის საშუალებები - 7.6 მილიონი ლარი;
• ალკოჰოლური სასმელები - 6.7 მილიონი ლარი;
• უალკოჰოლო სასმელები - 6.3 მილიონი ლარი;
• ყავა, ჩაი - 4.9 მილიონი ლარი;
• გაყინული ნახევარფაბრიკატები - 4.2 მილიონი ლარი;
• დასუფთავების საშუალებები - 3.6 მილიონი ლარი;
•  პროდუქცია - 3.5 მილიონი ლარი;
• მცირეფასიანი ინვენტარი - 3.4 მილიონი ლარი;
• პური - 1.8 მილიონი ლარი;
• სხვა - 9.2 მილიონი ლარი.

2021 წლის განმავლობაში სულ ფუნქციონირებდა 5 ჰიპერმარკეტი და 2 გუდვილი გურმეს ფორმატის მაღაზია, საერთო სავაჭრო ფართით 12,528 კვ.მ. ჰიპერმარკეტად განიხილება მაღაზია, რომლის სავაჭრო ფართი აღემატება 1,000 კვადრატულ მეტრს. საქართველოს მასშტაბით ჰიპერმარკეტები და სუპერმარკეტები წარმოდგენილია შემდეგი ლოკაციებით: თბილისში 7 ობიექტი, ბათუმი - 1 ობიექტი.

კრედიტორების მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, კომპანია იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმი იმართება სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველით, რომელიც კომპანიის დირექტორთან ერთად ზედამხედველობს რეაბილიტაციის გეგმით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია საქმიანობის იმგვარად წარმართვაზე, რომ უზრუნველყოს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული სახდელების დროული გასტუმრება.

კომპანიის აქტივები 46.9 მილიონი ლარი, მიმდინარე ვალდებულებები კი 34.8 მილიონი ლარია.