მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე ახალი პროექტი ფაქტობრივად გავაჩერეთ – მეღვინე იაგო ბიტარიშვილი

5e90a48c791c6
ნინი ლონგურაშვილი
10.04.20 22:20
1471
რა გავლენა იქონია ღვინის ინდუსტრიაზე ახალმა კორონავირუსმა, ამ თემაზე გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მეღვინეებს ამ პერიოდში ბევრი რამის შეცვლა მოუწიათ, თუმცა, საექსპორტო ქვეყნებიდან პოზიტიური სიგნალები გამოჩნდა.

“ჩვენც ისეთივე რეჟიმში ვართ, როგორც ყველა. სახლში ყოფნა არ გვიწევს, ვინაიდან გაზაფხულია და საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, მაგრამ შეზღუდვები, რა თქმა უნდა, გვაქვს.

სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია, რამდენიმე ახალი პროექტი ფაქტობრივად გავაჩერეთ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ერთი იყო ახალი ვენახის გაშენება, მეორე იყო ტექნიკის შეძენა, რაც დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, გვქონდა ახალი მშენებლობა ფაქტობრივად დაწყებული და ეს ყველაფერი სამწუხაროდ გავაჩერეთ. გავაჩერეთ მარტივი მიზეზის გამო, არ გვაქვს პროგნოზები, რა იქნება 2-3 თვის შემდეგ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მთლად პესიმისტურად არ ვართ განწყობილი, მე მინდა გახაროთ, რომ გუშინ გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ბოლო კვირაში 62%-ით არის ალკოჰოლის გაყიდვა გაზრდილი და ჩვეულებრივ, ახალი პარტიის შესყიდვაზე მიდის საუბარი.

თავიდან მე უფრო პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა, ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყნიდან ისეთი პოზიტიური სიგნალები წამოვიდა...", – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა. 

მეღვინემ ასევე განაცხადა, რომ სექტორს მაინც დაუდგება რთული პერიოდი და ეს ნაწილობრივ განპირობებული იქნება იმით, რომ ტურისტები აღარ ჩამოდიან.

"ესეც დიდი დანაკლისი იქნება თავიდან შიდა ბაზრისათვის. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ექსპორტზე გარკვეული პოზიტიური ნიშნები არის და ის დიდ წილს შეადგენდა ქართულ ეკონომიკაში, ვფიქრობ ამ მიმართულებით, როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა... შეიძლება ისეთი რაოდენობა აღარ იყოს, მაგრამ გარკვეული ექსპორტი უნდა შენარჩუნდეს", – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.