მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა Horizon Europe-ის დაფინანსება უკვე მოიპოვა - მიხეილ ჩხენკელი

6388d097d0d00
BM.GE
01.12.22 21:15
538
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.

„2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. წილად მხვდა პატივი და გასული წლის ბოლოს, ბრიუსელში ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან ერთად, ხელი მოვაწერე საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. შედეგად, Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში,‘‘ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა უკვე მოიპოვა Horizon Europe-ის დაფინანსება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი და საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. 2022 წელს უკვე სახეზეა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელი სახელმწიფო უნივერსიტეტებში და Horizon Europe-ის ეროვნულ ქსელს კერძო უნივერსიტეტებიც უერთდებიან.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. 2022 წლის თებერვალში ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი შევიტანეთ და შედეგად, 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

COST-ის სრულუფლებიანი წევრობა ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობას აძლევს, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი დაფუძნდა. DAAD-ის რეგიონული ოფისი ხელს უწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას სამხრეთ კავკასიასა და გერმანიას შორის, რაც მიმართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისკენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მისივე თქმით, ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და მკვლევრებმა სწავლა მდიდარი აკადემიური ისტორიის ქვეყანაში გააგრძელონ.