მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტში ინდექსები გაჩნდა “ - რატომ ითხოვს ბიზნესი ტენდერებში ფასის ინდექსაციის შემოღებას?

63e2438134cfc
ელენე გოგბერაშვილი
07.02.23 20:45
1089
ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში ფასის ინდექსაციის გათვალისწინებას ითხოვენ. ფასის ინდექსაცია, როგორც ერთჯერადი ღონისძიება მთავრობამ გასულ წელს რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად გამოიყენა, რაც მხოლოდ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდა.

ბევრი კომპანია სახელმწიფო ტენდერებში სწორედ იმიტომ არ შედის, რომ ბაზარზე ფასების ცვლილების შემთხვევაში კონტრაქტი ასეთი რისკების დაზღვევის მექანიზმს არ ითვალისწინებს. ინდექსაციის არსი კი იმაში მდგომარეობს, სახელმწიფომ მათ შორის სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს ან პირიქით შეამციროს პროექტის ბიუჯეტი. შესაბამისად, სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდის შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლებს ეს მექანიზმი საშუალებას მისცემს აინაზღაურონ განსხვავება საკონტრაქტო და მიმდინარე ფასს შორის.

„ბაზარზე, რომელიც იმპორტზე მკვეთრად დამოკიდებულია, კონტრაქტორის მხრიდან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა გარკვეული რისკების აღება კონტრაქტორმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, მაგრამ მკვეთრი ცვლილება მასალის ფასებზე არაპროგნოზირებადია, შესაბამისად იყენებენ ძალიან კარგ მეთოდს - ინდექსაციას, რომელიც არამხოლოდ მასალების, არამედ სამუშაო ძალის, მექანიზაციის ნაწილში ახდენს გადახარჯვების კომპენსირებას. ეს მეთოდი გამოიყენება, როგორც გაძვირების, ისე გაიაფების შემთხვევაში. ორივე მხარისთვის არის ხელსაყრელი ბაზრის ცვლილებიდან გამომდინარე“,- აცხადებს ანა საბახტარაშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ფასის ინდექსაციის შემოღებას ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები სახელმწიფოსთან დადებულ გრძელვადიან კონტრაქტებში ითხოვენ. ის, რომ შესაბამისი ინდექსი უკვე შეიმუშავა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, უკვე ფასდება წინგადადგმულ ნაბიჯად.

„ინდექსები გრძელვადიან კონტრაქტებს ეხება, რაშიც წინასწარ ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად ინდექსი არის ერთგვარი საშუალება, რომელიც ორივე მხარეს, მყიდველსაც და გამყიდველსაც, დამკვეთსაც და შემსრულებელსაც გაუფასურების ან გაძვირების შემთხვევაში სწორი ღირებულების საკითხის მოგვარებაში აზღვევს. რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტში ინდექსების საკითხი გაჩნდა, ასევე საქსტატმა დაიწყო ყოველთვიური სამშენებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნება. ახლა საკითხი დგას პრაქტიკაში როგორ მოხდება მისი გამოყენება. ვფიქრობ, ძალიან მალე ყველა კომპანია შეძლებს ამით სარგებლობას, რომლებიც ამ ტიპის კონტრაქტში არიან სახელმწიფოსთან“,-აცხადებს ირაკლი გოგოლიშვილი, "ანაგის" გენერალური დირექტორი.

ინდექსაციის შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში ასევე დააყენა სახელმწიფო პროგრამის“ მშენებლობა განვადებით“ დაწყებამაც. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიზნესმა თავი შეიკავა ამ პროგრამაში ჩართვისგან მაღალი რისკი იყო, რომლის დაზღვევის მექანიზმსაც ეს პროგრამა არ ითვალისწინებდა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რამდენიმე პროექტში, რომელიც განვადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა, ინდექსაციის მუხლი შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კერძო სექტორის მოთხოვნით გაითვალისწინეს.

„გაცილებით რისკიანი კონტრაქტებია, როდესაც განვადებით შედის კონტრაქტორი, რადგან გრძელ ვადაზეა გათვლილი, შესაბამისად აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავაზღვიოთ ის რისკები, რასაც პრეტენდენტი ვერ გაითვალისწინებს“,-აცხადებს ანა საბახტარაშვილი.

რამდენად აქტიურად დაიწყებს სახელმწიფო ინდექსაციის მეთოდის გათვალისწინებით ტენდერების გამოცხადებას, ბიზნესის თქმით, ამაზე იქნება მათ შორის დამოკიდებული რამდენად ეფექტიანად იმუშავებს სახელმწიფო პროგრამა "მშენებლობა განვადებით". როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ამბობს, ბიზნესის აქტიურობა დამოკიდებულია რა პირობით გამოაცხადებენ შემსყიდველი ორგანიზაციები ტენდერებს, იქნება თუ არა მასში ჩადებული ინდექსაციის მუხლი ზღვარის გარეშე და ასევე გაითვალისწინებს თუ არა წინასწარ ავანსის გაცემას, რათა კომპანიებმა პროექტების დაიწყება შეძლონ და თანამშრომლობაზე ბანკებიც მარტივად გამოიყენონ.