მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენიმე თვის მარაგი გვაქვს" - "ფარმადეპო" მოქალაქეებს მიმართავს

5e6f8da4580d8
ინგა მურუსიძე
16.03.20 18:34
2633
„მედიკამენტების, ბავშვთა პროდუქციის და პირადი ჰიგიენის საშუალებების რამდენიმე თვის მარაგი აქვს“, - ამის შესახებ სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში განმარტებულია, ქვეყანაში კორონა ( COVID-19 ) ვირუსის დაფიქსირების შემდეგ, „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე, ბავშვთა პროდუქციაზე და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე გაიზარდა მოთხოვნა.

„გაცნობებთ, რომ კომპანიას აქვს რამდენიმე თვის მარაგი ზემოთ აღნიშნულ სხვადასხვა კატეგორიაზე (გამონაკლისი არის პირბადე და ანტიბაქტერიული გელი, რომლის დეფიციტი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხიც დროულად მოვაგვაროთ). შესაბამისად, გთხოვთ, ნუ აყვებით ემოციებს და ნუ შეიძენთ მედიკამენტების თუ სხვა პროდუქციის რამდენიმე თვის მარაგს.
"ფარმადეპოს" გუნდი ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს თითოეულ რეგიონში.

სააფთიაქო ქსელში ყოველდღიურად ვანხორციელებთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას, სადეზინფექციო სამუშაოებით დატვირთულია დღის სხვადასხვა მონაკვეთი და ეტაპობრივად მონტაჟდება შუშის ბარიერები, ჩვენი ფარმაცევტები აღჭურვილნი არიან ყველა საჭირო ნივთით(პირბადე, ხელთათმანი, ხელის სადეზინფექციო სითხე). პრიორიტეტად რჩება ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლის ჯანმრთელობა.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიის თითოეულ თანამშრომელს ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფთ ფარმაცევტებს, რომლებიც პირველ ხაზზე იბრძვიან კორონა ვირუსის ( COVID-19 ) დასამარცხებლად. სწორედ ისინი ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია „ფარმადეპოს“ განცხადებაში.