მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე წელია საქართველოში კანონის უზენაესობის პროგრესი შეფერხებულია - კვლევა

60c7626b11ade
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.21 18:35
1056
EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს. კვლევაში საინვესტიციო გარემოზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან დაკავშირებული საკითხებიც არის განხილული. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა უკანასკნელ წლებში ამ მხრივ შეფერხება შეიმჩნევა.

“საქართველომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიაღწია უზარმაზარ პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2010-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ეს პროგრესი შეფერხებულია. თუკი გაგრძელდება სასამართლო სისტემის რეფორმირება, მაშინ ეს ინვესტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას გააუმჯობესებს,”- ნათქვამია მიმოხილვაში.

ქვეყნის კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობის შეფასებისთვის მსოფლიო ბანკის მმართველობითი ინდიკატორების კვლევა გამოიყენება. მისი მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობა 64.11 პროცენტული პუნქტით ფასდება. ანგარიში აჩვენებს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, სასამართლოს რეფორმების ტალღების მიუხედავად, საქართველოს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, უცვლელია, მეტიც უკანასკნელ წლებში 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა კიდეც. 

კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში, რომლის წევრიც საქართველოცაა, კანონის უზენაესობის საშუალო მაჩვენებელი 42 პროცენტული პუნქტია. კვლევა აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მოცულობით ყველაზე უკეთესი შედეგები აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც კანონის უზენაესობის რეიტინგში 75-დან 100 ქულამდე აქვთ.