მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე წლის წინ, ჭიათურაში მძიმე სიტუაცია ვნახე, დღეს ცოტა უკეთესობაა“ - პრემიერი

5f687b2d56885
ინგა მურუსიძე
21.09.20 14:11
1433
"საჭიროა ბალანსი ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენაზე, ჭიათურაში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, თანაც ისე, რომ ადამიანის შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული და ეკოლოგიასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

„ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და წინ წავიყვანოთ, თუმცა ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანის შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული და ეკოლოგიასაც უნდა მივხედოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 1 და 2 დღეში ვერ მოხერხდება. ძალიან კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც აქ ჩამოსვლა, ბიზნეს-საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და მანგანუმის მოპოვების ტექნოლოგიებში გარკვევა მომიწია, მაშინ სიტუაცია მძიმე იყო. დღეს ცოტა უკეთესია, ბევრი რამ შეიცვალა. არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რაც სამუშაო ადგილებს ნიშნავს და იმას შორის, რომ არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს ბუნებას და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესები დავიცვათ, რომ ეს ზიანი არ იყოს შეუქცევადი და დაუძლეველი“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი და მისგან მიღებული სხვადასხვა პროდუქტი დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია და, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

„რა თქმა უნდა, მანგანუმი აქ ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სოფლის მეურნეობაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭიათურაში შესანიშნავი ჩაი მოდის და ის შესაძლებლობები, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ადამიანებს აძლევს, აქ სულ უფრო და უფრო უნდა გამოვიყენოთ,” - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი  ერთობლივი ძალებით უნდა გაკეთდეს.