28.აპრილი .2022 17:00

რამდენით გაიზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის? - კანონპროექტი მუშავდება

რამდენით გაიზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის? - კანონპროექტი მუშავდება
views 1998
უკან

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის ინფორმაციით, ტექდათვალიერების თავის არიდებისათვის ჯარიმების მოცულობა გაიზრდება. როგორც ბითაძემ bmg-თან საუბრისას განაცხადა, ჯარიმების ზრდა დაგეგმილია დარღვევის განმეორების შემთხვევაში. დღემდე მოქმედი კანონით, ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის ჯარიმა 50 ლარია. პრობლემის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ყოველი ერთი თვის გასვლის შემდეგ ჯარიმა, იმავე ოდენობისაა. 

ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის ჯარიმის გაზრდის საკანონდებლო ინიციატივა მზადდება და ის სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება.

„ახლა დავიწყეთ პარლამენტის შიგნით საკანონდებლო ინიციატივის მომზადება, რომელსაც განვიხილავთ შესაბამისს სტრუქტურებთან. 

ბიზნესის გარდა სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორიც ბევრი წინადადებით შემოდის, საჯარო განხილვები გვექნება მალე. საკანონმდებლო წინადადებას დავაინიცირებთ, რომელიც გაზრდის ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის მეორედ დაკისრებულ ჯარიმებს, ანუ განმეორებითობა შემოგვაქვს.

პირველ შემთხვევაში სავარაუდოდ ჯარიმას არ შევეხებით, მაგრამ განმეორებითობა გვექნება ძალიან მალე და განმეორებითობა გაგრძელდება გასამმაგების, გაცხრამაგების ფორმით - ასეთი პროექტი გვაქვს.

ინსპექტირების არიდებას ექნება თავისი სანქცია, რაც იქნება იმის გარანტი, რომ ადამიანი, რომელსაც ჰყავს ავტომობილი და არ აქვს ტექდათვალიერება გავლილი, გაივლის მას. ეს არის სისტემა, რომელიც ახალი აღდგენილია. საწვავში მავნე ნივთიერების და ხარისხს ვარეგულირებთ თითქმის ევროკავშირის სტანდარტთან მიმართებით, შესაბამისად არ გავქვს უფლება, რომ სისტემა რომელიც ახლა ავამუშავეთ, რეგრესისკენ წავიყვანოთ,“ - განაცხადა ბითაძემ.

ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ აქვთ გავლილი ე.წ "ჭკვიანი" კამერები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აჯარიმებს.

თემაზე BMG ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეისაც“  დაუკავშირდა, როგორც მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ებიტაშვილი აცხადებს, სექტორი პირველადი ჯარიმის გაორმაგებას და 30-დღიანი ვადის 10 დღემდე შემცირებას ითხოვს.